ფანტომური ბედნიერება

handsome

გრილ მეტლახზე რაღაც გატყდა… ალბათ მარტივ მამრავლებადაც დაიშალა… სავარაუდოდ დილის შენეულ რიტუალს გადიხარ… საუზმედ წოდებულ ყავის მზადებაში, ფეხშიშველი, ცეკვა-ცეკვით დატანტალებ სამზარეულოში… ბავშვივით ლაღსა და მხიარულს უდარდელობის არანორმალური ელფერი დაგკრავს… ჩუმად მიყვარს ყურება შენი…

მზის ცელქ სხივებს  თავხედურად, ფერხული გაუმართავთ ჩემს სახეზე… მოვკლავ ,,ჩემი” ჭიქა თუ იმსხვერპლა… მეფიქრება და ვგრძნობ როგორ იცვლის ადგილს ტუჩის მარცხენა კუთხე … როდის აქით გახდა ,,ჩემი” ?! საერთოდაც რა არის აქ ,,ჩემი”… ,,მე” ხმამაღლა ითხოვს ცივ ლოგიკას! უკვე რამოდენიმე კვირაა… მაგრამ… მაგრამ დინებას მინდა მივყვე, თუნდაც ამ მზიან დილას და მერე…. მერემ, მერე იდარდოს…

შენ და მზეს გიმადლოდეთ, ძლისთვის ბრძოლა წაგებულია… სარკე… ოდნავ შესიებული სახით, თბილ ღიმილს ვჩუქნი მომზირალ ანარეკლს… მიყვარს ახალგაღვიძებული თვალები…  ჯერაც რომ ვერ გადაუწყვეტიათ, დაუბრუნდნენ რეალურ სამყაროს თუ არა. ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებით მე ,,ცოტა უფრო მეტად” მიყვარს ყველაფერი ჩემეული და…  დილის, თამბაქოს სუნით გაჟღენთილი, ჩურჩულნარევი ამბორიც შემიყვარდა…

fairest1

-ნარცის!
ისეთი სახე გაქვს, თითქოს დანაშაულზე დამიჭირე… ჩემი ენა ჩემი მტერი… არ უნდა მეთქვა, რომ მკლავს ეს მრავლისმეტყველი ღიმილი შენს სახეზე… პირველი დღიდან მკლავს… ეხლაც, გაიღიმებ და… აკრძალული ილეთითქო, მაგრამ რაც არ გინდა, არ გესმის… არც მე მესმის… და საერთოდაც ჩვენ მარტო კომფორტის ზონა გვესმის…

,,ჩემი” ჭიქა გადარჩა და მეწყვილესთან ერთად, ყავის სასიამოვნო სურნელს აფრქვევს…
რა მოხდება ცოტა უფრო ბანალურები რომ ვიყოთ…
არა, რაღაც არ გამოდის… ფიქრშივე ხუნდება (ყველა)ფერი და ემოცია…
უცნაურია რაც აქ ხდება… გემრიელი, მაგრამ უცნაური… თითქოს სადღაც შუაში გავიჭედეთ ,,არც მიწისა ვართ, არც ცისა“
თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ცას და მიწას თუ ყველა ბედნიერია… ცოტახნით და ფანტომურად, მაგრამ მაინც ბედნიერი…

Advertisements