აღმოჩნდა რომ… vol.1

grow upქუჩის პირას გატანილი მაგიდა… უხდება შემოდგომის გრილ საღამოს ცხელი ჩაი… ხალხი, რომელიც ჩემს გარშემო ირევა… თაობები… მეღიმება… ჩემს წინ, სიცილ-კისკისით თავს რომ ირთობს იმ თაობას, ერთ დროს ,,ჩემი თაობა” ერქვა… სხვანაირია… თითქოს გაზრდილი… ათი წელი? ალბათ… რამდენი რამ შეიცვალა… ვიხსენებ ათი წლის წინანდელ თბილისს, ათი წლის წინანდელ თინეიჯერობას და ათი წლის წინანდელ ნინის… გემრიელი და ლამაზია,  ფაიფურის მარტივ თუმცა ელეგანტურ თეთრ ჭიქაში სისხლივით წითელი ჩაი …

იყო დრო, როცა  ჩემი ,,ათი წლის მერე… აუუუ, როდის დადგება”.  მეგონა,  26 ის დროა როცა ყველაფერზე პასუხი გაქვს. როცა პრიორიტეტები დალაგებულია და ზუსტად იცი, ვინ ხარ და რა გინდა. იქნებ სწორადაც მეგონა თუმცა….

ათი წლის შემდეგ, ჩემი 26იც დადგა… როდის და როგორ მოასწრო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ დადგა 🙂 საბედნიეროდ, აღმოჩნდა რომ მოწყენილობით სიკვდილი ნამდვილად არ მემუქრება თუმცა სხვა ბევრიც აღმოჩნდა…..

აღმოჩნდა რომ… 26 არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემი დაღვინებისთვის…
აღმოჩნდა რომ… ისევ იმდენი, უფრო მეტი თუ არა, კითხვა მიტრიალებს თავში….
აღმოჩნდა რომ… პრიორიტეტები დაულაგებელი, ქაოსი – ისევ თანმდევია…
აღმოჩნდა რომ… ერთ დილას, ან საღამოს  საკუთარ ახდენილ ოცნებაში შეიძლება აღმოჩნდე…
აღმოჩნდა რომ… პაულო მართლი იყო 🙂 ,,როცა რაღაც ძალიან გინდა, მთელი სამყარო გეხმარება მის მიღწევაში”
აღმოჩნდა რომ… უკეთესი დღის რწმენა ზოგჯერ ერთადერთია რაც გჭირდება…
აღმოჩნდა რომ… ცვლილებელი ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ მაინც აუცილებელია…
აღმოჩნდა რომ… შესაძლებელია საკუთარი პიროვნება პლასტელინივით დაამუშავო…
და აღმოჩნდა რომ ამ აღმოჩენით ბოროტად ვისარგებლე…

მე ადამიანთ იმ კატერგორიას მივეკუთვნები ექსპერიმენტები რომ უყვართ საკუთარ თავზე. ისტერიული ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები როგორ ვიცვლები და საპასუხოდ როგორ იცვლება სამყარო ჩემს გარშემო. ვიყავი ისეთი როგორიც ვარ, ისეთიც როგორიც მინდოდა და თამაში რომ მომბეზრდა დინებასაც მივყევი. იყო ჰიპერ აქტიური, აქტიური და პასიური პერიოდები. ყოფნით ბევრი რამე იყო…

მოდიოდნენ და მიდიოდნენ ადამიანები… ბედნიერიც ვიყავი და…. არა უბედური არ ვყოფილვარ, უბრალოდ ნაკლებად ლამაზი დღეებიც მქონდა. ბევრი დაუვიწყარი დღე იყო… და ისეთი დღეებიც იყო, რომლებიც მეგონა არასდროს დამავიწყდებოდა  მაგრამ… მაგრამ უკვე საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი რომ არსებობს რაღაც სასწაულად ძლიერი და ულმობელი, არსებობს ყველაფრის მშანთქმელი და მკურნალი… დრო…

Dream-Belive-Let-It-Happen-შევცვლიდი თუ არა რამეს ამ ათ წელში? რათქმაუნდა შევცვლიდი… მაგრამ რადგან არ შემიძლია, საკუთარ წარსულთან მშვიდი თანაცხოვრება ვისწავლე… ვისწავლე სხვისი თვალებით ყურება და სხვისი ყურებით მოსმენა… საკუთარ შეცდომებზე სწავლა კი ვერაფრით ვისწავლე… ვისწავლე რომ არ არსებობს ,,არასდროს” … რომ ზოგჯერ რაღცეები უბრალოდ ხდება და შენც უბრალოდ უნდა გააგრძელო შენი გზა… რომ არსებობს ისტორიები დასაწყისის და დასასრულის გარეშე, თუმცა ეს მათ არსებობას სულაც არ უშლის ხელს… მაგრამ ყველაზე მთავარი ვისწავლე რომ ბედნიერება სხვაგან კი არა ჩემშია…

ყოველთვის მჯეროდა რომ ცხოვრებას პირველმა შენ უნდა გაუღიმო. მეც თბილად ვუღიმოდი და ვუღიმი დღემდე… ვერ ვიტყვი რომ მოსაწყენი 26 გავატარე… ჩემს ანგარიშზე ბევრი დაუვიწყარი და დავიწყებული მოგონებაა… უფრო მეტს ვისურვებდი მაგრამ არც მიღწეული მიზნების და ახდენილი სურვილების სიმცირეს განვიცდი…. ვიმოგზაურე… იყო დღეები და სიტუაციები, ჰოლივუდის ილუზია რომ მეგონა მხოლოდ… მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად იყო და მშვენიერი იყო…

რათქმაუნდა ტკივილიც იყო… და იმედგაცრუებაც იყო… წყენაც იყო და ბრაზიც იყო… კიდევ ბევრი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი იყო და არა იყო რა 🙂

ჩაი გაგრილდა… მეც ხომ შევიცვალე… მეც გავგრილდი… საკუთარ ღიმილს ტუჩს მარცხენა კუთხეშ ვგრძნობ… მიყვარს ეს ღიმილი…

– მშვიდობააააააა……..
კინაღამ გული გამისკდა ისე შემაშინა… ისეთი სახე ქონდა ვერ გავარკვიე… გაუკვირდა, შეეშინდა თუ ორივე ერთად… მე ხომ სულ ვიგვიანებ…
-დღეს საცობები არ იყო…. ვიტყუები, რაც შეიძლება მეამიტური სახით.

Advertisements