Veni, vidi, vici ანუ ეგვიპტური ვოიაჟი

მოგზაურობას საინტერესო თვისება აქვს. ნაცნობი სამყაროდან და საზოგადოებიდან შორს მყოფს, ჯერ თავისუფლების შეგრძნება გავსებს, მერე კი, როგორც მორევში ისე იძირები უცხო საზოგადოებასა და წეს-წყობილებაში. თავიდან გაფართოებული თვალებით იყურები აქით-იქით, ცდილობ ღრუბელივით შეისრუტო სიახლეები, აკვირდები ხალხს, ქცევის მანერებს, ჩაცმის კულტურას, ქუჩებს და სახლებს. ღირშესანიშნაობების მიახლოებისას ხომ მარტო თვალები და ყურები რჩები, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ღირშესანიშნაობები ზურგს უკან საუკუნეებს ითვლიან და მთელი ბავშობა ჯადოსნურ ზღაპრად ჩაგესმოდა.
ყველასათვის თუ არა, უმრავლესობისათვის მაინც დარწმუნებული ვარ ეგვიპტე ზღაპარივით იყო. იდუმალი პირამიდებით, მედიდური სფინქსით, მორთულ მოკაზმული ფარაონებით, ,,უზრდელი” აქლემებით 🙂 და ცოტა არ იყოს და ,,საშიში” მუმიებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ცოტა მეგულება ისეთი, ვინც თავის დროზე არ გაიძახოდა ,,ო, სეტ, ომბოსის მბრძანებელო”-ო. ჰოლივუდის  ,,მუმია”-ზე აღარაფერს ვამბობ, მახსოვს როცა პირველად ვნახე მთელი ღამე მუმიასავით გახვეულს მეძინა,  ის წყეული ,,ხოჭოები” მელანდებოდა ყველგან და იმიტომ 🙂

სანამ თბილისს დავტოვებდით, პრაქტიკული რჩევებისთვის მივმართეთ ყველას და ყველაფერს. ხო, ხო ყველაფერს, არ ღირს გუგლი ბიძიას არ დაფასება :)) ერთხელ (და შემდგომ უკე სამუდამოდ !) დავრწმუნდით/დაგვარწმუნეს, რომ ,,ეს ის არ იქნება ჩვენ რომ გგვონია” და რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ა.შ. კიდევ ერთხელ დაგვმოძღვრეს მშობლებმა პასპორტების, ბილეთების და ,,უცხო ბიძიას” არ დაელაპარაკოთ თაობაზე და ,,გაგვაფრინეს, შორს, აფრიკაში” 🙂

ხედი ქაიროს სასტუმროდან

რამდენიმე საათი და აი ისიც. ეგვიპტე ჩემს თვალწინაა. რამდენჯერ ,,მომიტეხავს ენა” უცნაური ღმერთების ორჯერ უცნაური სახელების დამახსოვრებისას :), რამდენი დოკუმენტური ფილმი მინახავს და წიგნი წამიკითხავს. წარმოსახვა სასწაული სამყაროს ქმნიდა. დღეს კი მის მიწაზე ვდგავარ და ყვითელ, მშრალ ჰორიზონტს გავყურებ.  სიხარულით ფართხალებს გული. მე აქ ვარ!!!
– გოგოებო ჩამოვედით!
გავკივი აეროპორტიდან გასვლისთანავე. ჩემი ,,პარაზიტი” და უკვე ,,მაიმუნობის” ხასიათზეა და ,,გულნატკენი” განცხდებით გამოდის:
– ნაპოლეონს გაუხმეს ის თავი, სფინქსის ,,გალამაზება” რომ დამასწრო….

ჩვენი ვოიაჟი ტურისტული სააგენტოს მიერ იყო დადგენილი და თერთმეტი დღიდან შვიდი დღე მკაცრად იყო გაწერილი 🙂 ზოგადად ტურს შემდეგი სახე ქონდა:

ჰურგადა
ქაირო

სამ დღიანი კრუიზი ნილოსზე, რომლის ფარგლებში შედიოდა:

ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ტურს ალექსანდრიის მონახულებაც დავამატეთ და მინდა გითხრათ, რომ როცა ალექსანდრიის ცნობილ ბიბლიოთკაში ამოვყავით თავი, იმაზე ნაკლებად ნამდვილათ არ გავოცდით ვიდრე პირამიდის ან სფინქსის ნახვისას 🙂 დამატებითი ტური მოიცავდა:

ალექსანდრიის ბიბლიოთეკას
კაიტ-ბეის ციტადელის (სამწუხაროდ ციტადელი ტურისტებისათვის დახურული აღმოჩნდა)
კომ-ელ-შუქქაფას კატაკომბას(ქვაბული)

უადგილო ღიმილი 🙂

თამამად ვიტყვი, ეგვიპტემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ამ სიტყვის კარგი და ცუდი გაგებითაც. თუ რომელიმე კონკრეტული სანახაობის ,,ხათრით” არ მიდიხართ არ გირჩევთ გიდის გარეშე მოძრაობას. ტერიტორია უზარმაზარია, სანახავი ადგილები უამრავი. მზე მწველი, ხალხი კი… ოოო, აი ეგ ცალკე საწერი თემაა 🙂 დახლზე მოვაჭრით დაწყებული ბედუნით დამთავრებული, ტურიზმი შემოსავლის ერთადერთი თუ არა ერთ ერთი უმთავრესი წყაროა, ამიტომ ყველა თავისკენ გექაჩება 🙂 მოკლედ თავისებური და მინდა გითხრათ საკმაოდ ორიგინალური და მუშა მარკეტინგ-ბრენდინგი აქვთ :)) აზიისათვის დამახასიათებელი მარჟით. უფრო კონკრეტულად კი,  ტურისტისათვის ათი, ათასად იქცევა  ხოლმე და მიდის მერე ვაჭრობა გათანგვამდე 🙂 რათქმაუნდა ყოველთვის ბევრს აკლებენ, თუმცა ვაჭრობის ამბავში ეგვიპტელები თურქებს ,,ფორას” მისცემენ… ,,ესენი ვინ ყოფილან” როგორც თავატკივებული ბარბი ამბობდა ხოლმე შემდეგ დღეებში 🙂

მარკეტინგ-ბრენდინგი ეძახე შენ და კი ვისიამოვნეთ მასაჟით 🙂

წარმოიდგინეთ განვითარებადი, ძალიან ღარიბი აფრიკული ქვეყანა ღრმად მორწმუნე მუსლიმანებით (არანაირ დისკრიმინაციას არ ვუწევ რელიგიას ან რასას, უბრალოდ არ მეხატება გულზე რელიგიური ფანატიზმი და მორჩა!). გახურებული რამადიანი და ჩვენ სამი ჯერ კიდევ ფითქინა, ნახევრად შიშველი გოგო სიცილ-კისკისით დავტანტალებთ უზარმაზარ ქალაქებში (ქაიროს მოსახლეობა, მთელს საქართველოზე სამჯერ მეტია)  ერთი-ორჯერ შეფუთულმა დეიდებმა საკმაოდ მკაცრადაც კი მოგვცეს შენიშნა ,,რამადან, რამადან”-ო. მოკლედ, კურიოზების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩიოდით. 🙂  საბაზისო წერტილი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ტური ისეთ ისტორიულ ძეგლებს მოიცავდა რისი მონახულებითაც ბევრი ტურისტი მანდამაინც ,,თავს არ იწუხებს”. ცოდვა გამხელილი სჯობსო და არც ჩვენ ვაბაკუნებდით ფეხებს გინდათ თუ არა უნდა ვნახოთო , უბრალოდ რადგან ტურში იყო და ,,რატომაც არა”-ამბავში წავედით, ამის შედეგად კი მრავალი ადგილისათვის ეგზოტიკური ხილი აღმოვჩნდით 🙂 აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ როგორც ,,კონსერვატორი ინგლისელების სნობიზმს” შეურყია საფუძველი XXI საუკუნემ, ისე არ დაინდო ბევრი მუსლიმანური ადათ-წესიც. თუმცა ეს მხოლოდ ახალგაზრდობის  მცირე ნაწილში შეინიშნება და ისიც არცთუ ისე მკაფიოდ. ჯერჯერობით…

თავხედი ტურისტების აღმაშფოთებელი თხოვნა, ეგვიპტური ლუდი – გახურებულ რამადანში… გიდის სახე უნდა გენახათ

პირველი რამაც შეგვძრა და არ ვიცი ამას რა ქვია… ა, მოიცადე, ვიცი, ,,ყბა ჩამოგვივარდა” იყო ქვეყნის სიღარიბის დონე. მაგრამ ჩვენი ,,ყბები” მერე გენახათ როცა გაირკვა რამდენად მდიდარია ქვეყანა წიაღისეულით. ოქრო, ნავთობი, გაზი, ბაზალტი…

,,ჩემოდნებზე ვიჯექით”. ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდით, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავება არ მიგრძვნია… ყველგან სიღარიბეა, ფართოდ გახელილი თვალებითა  და  პირით. ვნახეთ სოფელი, რომელიც იმდენად ღარიბია, რომ  იმათ ფონზე ჩვენ უცხოპლანეტელებს უფრო ვგავდით, ვიდრე უბრალო ტურისტებს. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს საუკუნეებს უკან გადავაბიჯე.  დიდ ქალაქებში არსებობს უბნები რომლებსაც სისუფთავით დაწყებული არქიტექტურით დამთავრებული ევროპული ცივილიზაციის გავლენა თვალშისაცემად ეტყობათ და  იმდენად განსხვავდებიან ტიპიური ეგვიპტური უბანისაგან გეგონებათ სხვა სახელმწიფოში ამოყავით თავი, მაგრამ მომკალით და შეფუთულ-გაფუთული ქალის დანახვაზე ისევ მიწაზე მიწევადა დაბრუნება. (თუ მაინც დისკრიმინაცია გამომდის, პატიებას ვითხოვ. ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა და უფლებას ვიტოვებ ეს უკანასკნელი განსხვავდებოდეს საყოველთაო აზრისაგან.)

მაინც არ ვიფუთები 🙂 პრინციპულად + გარუჯვის ხათრით 🙂

სადაც არ უნდა წახვიდეთ სანახაობა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, გრანდიოზულია. ერთი ესაა, რომ ამდენჯერ გაპიარებულს იდუმალება დაუკარგავს თითქოს. პროფესიონალის, მოყვარულის, უბრალო ტურისტის თუ ახლობელ-მეგობრების იმდენი ფოტო გვინახავს ჩვენც და თქვენც, რომ ლამის ზეპირად ვიცოდით, რა, სად და როდის. მაგრამ სიმაღლემ და მოცულობამ, სივრცემ, რომელსაც კამერა წარმოსახვას უტოვებს მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თქვენ წარმოიდგინეთ და არც მუმიები აღმოჩნდნენ ,,საშიშები” და არც აქლემები ,,უზრდელები”. უფრო მეტიც, იმდენად კარგად გავუგეთ ერთმანეთს მე და კუზიანებმა, რომ ჩემი და და ბარბი საფარის უდაბნოში, ბედუნებთანაც კი მიპირებდნენ დატოვებას ,,შეეწყობით ერთმანეთსო” :)) ნომერი პირველი ,,მტერი” – ქვიშის, მწველი მზის და ტურის შემდეგ, სასტუმროს ოთახში ატანილი ,,ნახევარი უდაბნოს” მიუხედავად ,,გასეირნება”  ნამდვილად ღირდა 🙂

,,გონება გახსნილ” მდგომარეობაში იდეებმა შემაწუხეს…

წარმოუდგენელი სიგიჟეა, რომ ერი, რომელმაც შექმნა და საუკუნეების მანძილზე კვება უზარმაზარი ცივილიზაცია და თითქმინს ნახევარი მსოფლიოც, დღეს სიღარიბეს ებრძვის. საინტერესო იყო ეგვიპტელი გიდების (ისინი ქალაქების მიხედვით იცვლებოდნენ) ისტორიები. პირამიდების მშენებლობის ეგვიპტური ინტერპრეტაცია, კლეოპატრას და ნეფერტიტის, სილამაზისა და უმოწყალო მომხიბვლელობის საიდუმლო ,,რეცეპტები” , რომელიც თურმე, ნუ იტყვით და ისევ და ისევ ეგვიპტურ  ნელსაცხებლებსა და ეთერზეთებში მდგომარეობდა. არც ალექსანდრე აღმოჩნდა მანდამაინც შორეული დამპყრობელი, მასზე ისე ლაპარაკობდნენ გეგონება მაკედონელი კი არა ეგვიპტელი იყო :)) და ა.შ და ა.შ. ათასი და კიდო ერთი ეგვიპტური ზღაპრი 🙂 ღიმილის მომგვრელი იყო, თუ რა შეწუხებული სახეებით გვიყვებოდნენ, რომ ეგვიპტეს უხსოვარი დროიდან თავს ესხმის და ავიწროებს უამრავი ძლიერი მტერი (ერთი ჩვენთვისაც ეკითხათ რაა…). გამაკვირვა ქუჩაში, ტურისტებისათვის განკუთვნილი უფასო წიგნების დახლებმაც. როგორც შემდეგ გაირკვა, ამგვარად ცდილობენ ტურისტს აუხსნან მედიის, არაკორექტული და არაობიექტური დამოკიდებულება მუსლიმანური საზოგადოების მიმართ. მე, როგორც დიდმა ,,ინტრიგანმა” სასწრაფოდ ავითვისე ყურანი და ერთი-ორი ბუკლეტი ქალთა უფლებებზე.  ყურანს ჯერჯერობით უკომენტაროდ ვტოვებ, აი რაც შეეხება ქალთა უფლებებს, საერთოდ თუ გააჩნიათ ამგვარი რამ, მოკლედ ვიტყვი BULSHIT !!!

სასახლის პატრონი, სქესის ამბავში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა 🙂

შელამაზების და მორთულ-მოკაზმულობის გარეშე რომ გითხრათ თავიდან მართლა გაფართოებული თვალებით დავდევდი ყველა იეროგლიფს და ყურებდაცქვეტილი ვისმენდი ისტორიებს, რომლის სიმცირესაც ჩვენი არცერთი გიდი არ უჩიოდა, მაგრამ მე მაპატიეთ და რამოდენიმე დღეში, ჯერ ტვინმა განაცხადა ,,მე შენ ვინ გგონივარ, მაცადე ამდენი ინფორმაციის დახარისხებაო”, მერე თვალებმა და ყურებმაც აუბეს მხარი, ამოვიდა ყელში ამდენი ფარაონი და იეროგლიფებიო, ლამის ჩემოდნებიც ამიბუნტდნენ ,,რას დაგვათრევ წინ და უკანო 🙂  (ჩემს უმადურობას საზღვარი არ აქვს :$)… ამიტომაც, არც თუ ისე გვიან ყველაზე ნანატრი და სასურველი სიტყვები გახდა FREE TIME :)) ერთი ორჯერ კი შემოგვთავაზეს  პოპულარული ტურები, აქაო და დრო არ დაკარგოთო, მაგრამ ჩვენს ფრიგიდულ სახეებს და მკაცრ ,,არა მადლობთ”-ს რომ ,,შეეჯახნენ” მიხვდნენ ,,ჩვენგან არაფერი დადგებოდა” და თავი დაგვანებეს :))

მოკლედ (თუმცა რაღა მოკლედ) მშვენიერი შვებულება გამოვიდა. ერთი ეგაა რომ დასვენების მაგივრად გადავიწვით. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა სამოთხე იყო ამდენი ბოდიალის მერე, სამი ღამე ერთ საწოლში ძილი 🙂 სასტუმროში პაწაწკუნტელა ,,ქართული თემი” შეიკრიბა და ერთ დილასაც არც მეტი არც ნაკლები ,,განდაგანამ” გამაღვიძა. მივხვდი ჩემი ოთახი მენატრებოდა…

,,ეგვიპტური BMW” პირველი გასეირნება

იცით, ამ მოგზაურობის მერე სერიოზულად გამიჩნდა ეჭვი, რომ ჩვენს უცხოელ ტურისტებს სულაც არ ეპიტნავებათ ერთკვირიანი დემაგოგია საქართველოს დიად წარსულზე და მდიდარ კულტურაზე. ყველა ერს აქვს წარსული, ისტორია , მიზეზი სიამაყისათვის, ეს უკვე გაცვეთილი და  დაგუგლულია . საქმე და საკითხავი ისაა, დღეს რა ხდება… დღეს რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამაყად თავაწეულებმა გავუსწოროთ ერთმანეთს თვალი, სტუმარმაც და მასპინძელმაც…

უკან, სახლისაკენ

Advertisements