უკანასკნელი ჩანაწერი…….

ისე გაიცრიცა მოგონებები, რომ ზოგჯერ მეშინია მცხოვრებამ ცარიელ კადრებად არ გამირბინოს თვალწინ…

–  ალბათ, მართლა დიდი მოხერხებული ვინმე ვარ, კიდე თუ დაგიძვერი ხელიდან…
– ნეტა რა მიხარია ?!

ვფიქრობდი  და უკანასკნელები ძალებით ვცდილობდი თვალების გახელას… ალბათ ესეც ინსტიქტია თორემ, რა უნდა დამენახა საინტერესო. გადღაბნილი სილუეტების მეტი ვერც ვერაფერი გავარჩიე… მივხვდი გარშემო ხალხი ფუსფუსებდა…
– სმენაც გამიფუჭდა, ხმები რაღაც გაურკვეველ ბგერებად ჩამესმის… ფაზლივითაა… მტკივა….. დავიღლე…

განაჩენი არც ისე დიდი ხნის წინ გამომიტანეს… განაჩენი, რომელსაც უკვე ვეღარსად გავასაჩივრებდი… წარჩინებულმა და გაპიარებულმა ექიმებმა პირობა მომცეს ,, არ ინერვიულოთ, აუცილებლად მალე იქნებაო”. ზოგმა ლამაზად მოუარა, (აბა ერთი ჩემთვის ეკითხათ, როგორ მელამაზებოდა), ზოგმა პირდაპირობა არჩია. მოკლედ როგორც იყო, მაგრამ ბოლო ყველგან ერთი იყო… სიკვდილი… შავი, ბნელი და ცივი… აი ის, ცელით ხელში, დაუღალავად რომ დააბიჯებს… გამაფრთხილეს მალე გესტუმრება და აბა შენ იციო…
მომეჩვენა, თითოს სადღაც შორიდან ვუყურებდი საკუთარ გალეულ, უკვე ვადაგასულ სხეულს. მაგრამ, მხოლოდ მომეჩვენა. ჯერ კიდევ აქ ვიყავი გამოკეტილი, ტკივილით და შიშით სავსე, კაცობრიობისათვის გაურკვეველი, მარადიული ცხოვრების მოლოდინში…

ბოლოს მაინც შენ გაიცინე… მომილოცავს…

როცა დიაგნოზი მითხრეს, ექიმს რამდენჯერმე ვთხოვე გარკვევით აეხსნა რაში მდგომარეობდა ჩემი ,,პრობლემა”… მერე ვეჩხუბე დებილებით არის სავსე აქაურობათქო, ჩანთას ხელი დავავლე და სახლში წამოვედი… საღამოს მეგობრები შემოვიკრიბე. ისე გამოვთვერით, დილითაც მთვრალებს გაგვეღვიძა… ჩემს სიმართლეში ღრმად დარწმუნებულს რათქმაუნდა არავისთვის არაფერი არ მითქვამს…

ოღონდ მე არა… ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე, დაღვინებაც, რომ ვერ მომისწრია !!! ოღონდ მე არა… გეგმებით და ოცნებებით სავსე ყუთს რომ დავკანკალებ !!! ოღონდ მე არა… ფრაზები, რომლებიც თავში მიტრიალებდა და მომენტალურად ბლოკავდა ყველა ინფორმაციას რომელსაც წინ სიტყვა ,,ვწუხვარ” უძღოდა… შეცდომაა,სისულელეა !!! არა, მე არა…

მეორე ექიმთან ვიზიტისას და ვიზიტის შემდეგაც იგივე განმეორდა… ,, ცეროზი მოგკლავს შენო” ხუმრობდნენ მეგობრები… ,,აბა-აბა თქო” ღიმილით ვუქნევდი თავს… ესე მოვიარე კიდევ რამოდენიმე საავადმყოფო და დავიჯერე…. რაღაც უცნაურად, მაგრამ მაინც დავიჯერე…. მჯეროდა რომ დიაგნოზში არ ცდებოდნენ, მაგრამ თითქოს ჩემი კი არა სხისი სასიკვდილო განაჩენი იყო. თავს ვერ ვაიძულებდი იმის დაჯერებას, რომ ზურგს უკან შავ მანტიაში გამოწყობილი სიკვდილი მედგა, თუმცა ჩვენს საუკუნეში იქნებ მანტია სმოკინგითაც შეცვალა… მაინც მომიწია სიმართლის ჯერ საკუთარ თავთან, მერე ახლობლებთან აღიარება… საკუთარ თავთან უფრო ძნელი აღმოჩნდა… ვკვდები ! ძლივს ვაიძულე ჩემს ტუჩებს ამ სიტყვის წარმოთქმა… თურმე როცა გესმის, აღქმაც სხვანაირი ყოფილა…

დაიწყო გაუთავებელი, ტირილისგან წამოწითლებული, შეწუხებული სახეები. უშედეგო რჩევები და სადღაც მიყრუებულ სოფლებში მცხოვრები  ექიმბაშების ქება-დიდება… შემაწუხებელი ყურადღება და მზრუნველობა…

რატომ მე?!

ვცდილობ დავივიწყო, თავიდან ამოიგდო, რომ ჩემი ორგანიზმი შიგნიდან ლპება და კვდება… დაივიწყო რამდენადაც ამის საშუალებას მომცემს, მაგრამ ეს სახეები… ეს  თანაგრძნობით სავსე ღიმილი, გამუდმებით მახსენებს, რომ შევიცვალე, რომ დავსუსტდი,რომ ამჯერად მე ამომირჩიეს სიკვდილის ღმერთის სამსხვერპლოზე მისატანად… ჯანდაბა ეს სარკე ხომ დღითი დღე უარესდება… ჩემი კანი, სხეული თოთო ბაავშვივით რომ დავკანკალებდი და ვუფრთხილდებოდი დღითი დღე იცვლება, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი კი არა სხვისია…

ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს გარშემო… დღითი დღე ვბოროტდები… იმიტომ კი არა რომ მინდა, უბრალოდ ძალა აღარ მაქვს ამდენი თანაგრძნობა და სიკეთე ავიტანო… მენატრება ვიღაც მეწუწუნოს და შეცდომის გამო მისაყვედუროს. მინდა პასუხისმგებლობა და ვალდებულება ავიღო საკუთარ თვზე… ჩვეული რეჟიმი მინდა… მაგრამ არა, არავის ესმის… ეხლა გახდი უსაყვარლესი და ბავშვივით უცოდველი… ზოგჯერ მეჩვენება, რომ უკვე აღარც ვმონაწილეობ ამ თამაშში, სადაც ერთანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ყურადღებიანი, ეკლესიური და მზრუნველი იქნება…
უცებ ბილეთად ვიქეცი, აი ისეთად მატარებლისთვის ან თვითმფრინავისთვის რომ ყიდულობენ, ოღონდ ეს ბილეთი პირდაპირ სამოთხეს უმიზნებს და თუ მიკიბ მოკიბვის გარეშე ვიტყვით პირდაპირ და არაპირდაპირაც ფულზე იყიდება…

აბა უსმინეთ რაებს ვფიქრობ, ხომ გეუბნებით დღითი დღე ვბოროტდებითქო…. ეს იმას გავს ომის შემდეგ ცოცხლად დარჩენილებს დანაშაულის გრძნობა რომ აწუხებთ, მკვდრების და მათი ოჯახის წინაშე. შურიანი გავხდი, ჯანდაბა…. ყველასი და ყველაფრის მშურს რაც ჩემს მერე დარჩება… თუ მოვასწარი სიგიჟეც აღარაა შორს…

ერთნაირად აუტანელია ადამიანებიც და მარტოობაც… ეს ეკლესიაც  ისეთი მოდური გახდა… ყველა სუფრას ლოყებღაჟღაჟა მამაო თამადობს შთამბეჭდავი სასმისით ხელში. თავიდან მიკვირდა, რამ გადარია ეს ხალხითქო, მაგრამ თურმე ნუ იტყვი… ჩემთვის შეწუხებულან და შეუწუხებიათ… ყველგან ერთი სიბრძნე ჟღერს ჩემს გამოჩენაზე –  ,, შეუცნობელია გზანი უფლისანი” და დაზეპირებული ფრაზებით და გამომეტყველებით იღვრება იობის ამბავი… მადლიერმა და ზრდილობიანმა ღიმილმა დამღალა… თუ ტკივილით დავიღალე? უკვე გარჩევაც მიჭირს… ყველა სულიერი სიმშვიდისკენ მომიწოდებს… სინამდვილეში კი….

…. but in the end it doesn’t even matter…

,, არ ვარ იობი, არა !!!”… როგორ მინდა ვიკივლო და დავლეწო ყველაფერი რაც ხელში მომხვდება… უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სიცოცხლე მიყვარს და მინდს ! რამდენი რამე დამრჩა გასაკეთებელი, რამდენი ოცნება ასასრულებელი, და რა გამოდის, ერთადერთი სანუგეშო სიტყვა მხოლოდ ესააა ,,შეუცნობელია გზანი უფლისანი?!”… მოვკვდები და მერე იტყვიან ,,ღმერთს თავისთვისაც მარტო კარგები უნდაო” მერე ყველას დაავიწყდება ზურგს უკან რომ მაკრიტიკებდნენ, იქნებ კიდეც მლანძღავდნენ, ,,კომპლიმენტებით” მამკობდნენ… მოვკვდები და მერე უბრალოდ იტყვიან მკვდარზე ცუდს არ ამბობენო…

აღარც მარტოობას მოაქვს სიმშვიდე… ღამის ყრუ ტკივილები კიდევ უფრო მაბოროტებს. ისეთი აზრები მიტრიალებს ზოგჯერ მრცხვენია და მიკვირს კიდეც, როდის მოვასწარი ასეთი ცინიკოსი გავმხდარიყავი… სამყარო მეზიზღება… მეზიზღება, იმიტომ რომ  გამიმეტა, არც კი ამიხსნა რატომ და რისთვის უბრალოდ გამიმეტა… ისე ამომშლის დედამიწის რამოდენიმე მილიარდი მოსახლეობიდან, თითქოს არც არასდროს ვყოფილვარ… და რისი გაკეთების დრო მომცა? არც არაფრის?!… ყველა მოგონებამ ფერი დაკარგა… ტკივილი, აი რას განვიცდი სხეულის ყველა დარჩენილი ცოცხალი უჯრედით, სიცარიელე და შური…

ვის გავახსენდები, როდემდე ვემახსოვრები ან როგორ გამიხსენებენ, საერთოდ გამიხსენებენ კი? არ მინდა ვინმეს ბოროტი ვახსოვდე…. მე ესეთი არ ვიყავი… სად წავიდა ძველი მე?!

რატომ მე რატომ მაინცდამაინც მეეეე…… და ვგრძნობ, როგორ მეჩხირება ბურთი ყელში და აი უკვე მერამდენედ იწყებენ საცრემლე ჯირკვლები მთელი შემართებით მუშაობას და მუშაობენ გულმოდგინედ სანამ სპაზმებისგან და სიბრაზისგან დაღლილს  არ ჩამეძნება…

არ მინდა ჩემი სხეულის, ჩემი გალიის დატოვება…

რა სამოთხეზე ან ჯოჯოხეთზე მელაპარაკებით…. სამოთხე ის ყოფილა ახლ დღეს ახალი იმედი რომ მოაქვს და უდარდელად გჯერა რომ წინ კიდევ გაქვს დრო. დრო ბედნიერებისთვის და წარმატებისთვის… ჯოჯოხეთი კი მაშინ იწყება, როცა ახალი დღე უმოწყალოდ გლეჯს ყველა იმედს და უფერულს ხდის ყველა განცდილ ბედნიერებას… როცა იცი რომ წინ არაფერია, არაფერია გაურკვევლობის და ტკივილის გარდა….

Advertisements