One Night Lover / part 1

 


გაეღვიძა… მოდი და ნუ გაგეღვიძება, როცა ტვინი მთელს სხეულს სიგნალს აძლევს
, ეხლა მწარედ დაენარცხები და დაიშლებიო… არ დაცემულა… უფრო სწორად დაეცალოგინზე. რბილად და უმტკივნეულოდ, თუმცა ძილი მაინც გაუტყდა… მოციმციმე საათი შუაღამეს აჩვენებდა… გვერდით ვიღაც მშვიდად განაგრძობდა სუნთქვას… ჩუმად წამოდგა… სიცხის ან სიფრთხილის გამო დედიშობილამ მიაშურა სამზარეულოს… სამზარეულო… ყავა… სიგარეტი… ფიქრი მოეძალა. ვერაფრით გაეგო რატომ დასჩემდა ეს სიზმარი, ან იმ ცათამბჯენზე რა უნდოდა, ღრუბლებზე მაღლა რომ ამოეყო თავი, ან რატომ იწყებდა ვარდნას საშინელი სიჩქარით? ან ვარდნისას შიშის მაგივრად სიამოვნებას რატომ განიცდიდა? გაეგონა, რომ მსგავსი მრავალს სჭირდა, მაგრამ რატომ? და რატომ მასაც?

ფანჯარიდან ვეებერთელა, სავსე მთვარე უყურებდა… ცა ისეთი ჭორფლიანი იყო როგორც არასდროს… ოთახში სუნთქვა ჭირდა, ფეხაკრეფით გაიპარა აივანზე… სანამ მიიპარებოდა მაგიდაზე გუშინდელი საღამოდან შემორჩენილი თითქმის ცარიელი კონიაკის ბოთლი შეამჩნია… თან გააყოლა… შუაღამის მიუხედავად მაინც საშინლად ცხელოდა, თითქოს ჰაერიც კი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდა და ამიტომ არავისთან აპირებდა მის გაყოფას… ანგარიშმიუცემლად ჩაამატა ყავას კონიაკი… ირგვლივ სიჩუმე მეფობდა… ქალაქი უჩვეულოდ მშვიდი და წყნარი იყო… უყვარდა სიჩუმე… ამ დროს სხეულის და გონების ხმა ისმის, მთავარია მოუსმინო… მოსმენაც უყვარდა… სხეული დაღლილი და მოდუნებული იყო, და რა სასიამოვნო იყო ეს დაღლილობა… უცნაური სინთეზია ,,სასიამოვნო დაღლილობა“… გაიღიმა… აი გონება კი ანცობდა… ვერ ისვენებდა… ნოტიდან ნოტზე დახტოდა ყოველგვარი ტაქტის, და მელოდიურობის შეგრძნების გარეშე… ფიქრები ირეოდნენ… ალკოჰოლი მოქმედებას იწყებდა, გრძნობდა, როგორ იკვლევდა მის სხეულში გზას და სასიამოვნოდ აბრუებდა…

საწოლისკენ გააპარა თვალი…ეძინა… მთვარის შუქი, საძინებელში ურცხვად რომ შეეღწია, ლამაზ შუქ-ჩრდილებს ქმნიდა შიშველ სხეულზე… ის კი ისე მშვიდად განაგრძობდა ძილს, თითქოს  ადამის მოდგმის ყველა ცოდვა  უცხო იყო მისთვის … სანახაობამ გაართო… ბუნებით ესთეტი, ცოტახნით იქნებ მოხიბლა კიდეც… უყურებდა ქალის სხეულს… მხრების მოძრაობის რითმი,  მის უშფოთველ ძილს გასცემდა… დააკვირდა… თითქოს ახალი არაფერი, მსგავსი, უარესი ან უკეთესიც მრავლად დაიარებოდა დედამიწაზე,თვითონაც მრავალი ენახა… მაინც, ჩრდილთა თამაშს და მთვარეს, უცნაური მელანქოლია რომ დაჰყვება ხოლმე, განსაკუთრებული სილამაზე შეეძინა მისთვის… ან იქნებ არეული გონების, ალკოჰოლის და ჰორმონთა სინთეზის გამო მიაწერდა მას ამ სილამაზეს… იმას ხედავდა რისი დანახვაც უნდოდა… სარკაზმი, მისი ხასიათის იმ შტრიხთაგანი იყო, რომელიც იმდენადვე უყვარდა რამდენადაც  საჭიროდ თვლიდა…

 

მძიმე თმა სანახევროდ ფარავდა სახეს… მოეჩვენა თუ ტუჩებმა გაიღიმეს? იქნებ არც მოჩვენებია?… ბალიშს ისე გემრიელად ეხუტებოდა, ერთი წამით  ინანა კიდეც, არ უნდა ავმდგარიყავიო… მაგრამ მხოლოდ ერთი წამით… შიშველ მხრებსა და ზურგზე ჩრდილი ეცემოდა და უცნაურ ორნამენტებს ქმნიდა… მაცდურ და თავხედ სიშიშვლეს სიმორცხვისკენ მოუწოდებდა… თხელი გადასაფარებელიც ჩრდილთან შეთანხმებული მოქმედებდა თითქოს… არც ბოლომდე ფარავდა, არც ბოლომდე აშიშვლებდა… მკრთალ შუქს, სხეულის კონტურისათვის განსაკუთრებული  სიმკვეთრე მიეცა, საგულდაგულოდ დაემალა  ყველა ნაკლი და მისთვის ისეთი სრულყოფილება და მიმზიდველობა შეეძინა, მხოლოდ პრიალაყრდიანი ჟურნალების გარეკანზე მოთავსებული სხეულისთვის რომ არის დამახასიათებელი… მთვარე ,,ფოტოშოპერობს“…  გაიღიმა… ფიქრება წარსულში, რამოდენიმე საათით უკან დააბრუნეს… განცდილმა   ფილმის კადრივით გაიელვა თვალწინ, მაგრამ ისეთი სიცხადით, რომ  კისერთან ცხელი სუნთქვაც კი იგრძნო… 

ვნება აშლილი და სამყაროდან გარიყული, ორი სხეულის, ხან ტანგოს მსგავსი, სულისშემხუთველად ვნებიანი, ტკივილნარევი, თითქოს სევდიანი და თითქოს ნაზი,  ხან კი პირველყოფილ ტომთა ურცხვი, ეროტიკული, სიგიჟით შებყრობილი, მოუხეშავი როკვის მსგავსი ცეკვა… მაშინ როცა ტანგოს დროს სუსტი ემორჩილება ძლიერს, მიჰყვება მის ტაქტს და ამ მორჩილებაში ჰპოვებს ტკივილნარევ ნეტარებას, პირველყოფილის გაღვიძებისას უკვე არცერთს აღარ სურს იყოს დამორჩილებული,ორივე იბრძვის დაპყრობისა და დამონებისათვის, ორივე ცდილობს  უპირატესობის დამტკიცებას… თითქოს აქ უნდა დასრულდეს მატრიარქატ-პატრიარქატის მარადიული ბრძოლა… და ეს ბრძოლად ქცეული, ჟინმოვლილ სხეულთა როკვა  გრძელდება მანამდე, სანამ ძალაგამოცლილები არ დამხობიან არენაზე… მაგრამ მერე, მერე უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ არის გამარჯვებული… მნიშვნელობა მხოლოდ გახშირეულ სუნთქვას და იმ არაამქვეყნიურ განცდას აქვს აფეთქებას რომ ჰგავს… აფეთქებას, რომლის ტალღა გაიძულებს სხეულის ყველა ატომი იგრძნო და გაშინებს, ეს ატომები წლების განმავლობაში უწყვეტი ჯაჭვით რომ უერთდებოდნენ ერთმანეთს და მთლიანობაში ორგანიზმს წარმოადგენდნენ, ეხლა ერთმანეთს არ მოსწყდნენ და უთავბოლოდ არ დაიფანტნონ… დაივლის ტალღა მთელს სხეულს და ნაკვალევად ტკივილამდე მისულ ნეტარებას ტოვებს… ტკივილამდე, რადგან, ბარიერები რომელიც ორგანიზმს განცდის აღქმისათვის დაუწესებია გაჭირვებით იკავებს მას და გეჩვენება, რომ სხეული ვეღარს დატევს… ვეღარ ატანს… გრძნობ, როგორ აწყდება ჯებირებს ტალღა და ხვდები ერთადერთი საშველი მის განთავისუფლებაშია…ხმის იოგებს ძაბავ… აფეთქებას მოყოლილი სიცხე სხეულის გარეთ ჟონავს და გგონია, არა დარწმუნებულიც კი ხარ რომ სამყაროში არსებული ვერანაირი სიცივე და ყინვა ვერ მოერევა… შეგრძნება, თითქოს სამყაროს ყველა ბედნიერებას ერთად განიცდი… ენდორფინი, რომელიც კოლოსალური რაოდენობით მიეწოდება ტვინს, ისეთ ფეიერვერკს აწყობს ლამისაა დაიჯერო, რომ მას ნათების უნარი აქვს…. სისხლი დუღს და გული ისე ცემს თითქოს  თავის გადასარჩენად,მკერდიდან ამოვარდნა გადაუწყვეტია …  

გრძნობდა კონიაკი დიდი ვერაფერი მეგობარი იყო ცხელ ღამეს, მაინც მექანიკურად, ნელი ტემპით  განაგრძობდა სმას… რა ქონდა საერთო ამ ქალთან, რამოდენი წუთის წინ რომ ხელოვნების ნიმუშივით ათვალიერებდა… რამოდენიმე საათის წინ კი… გააჟრჟოლა… არც არაფერი… სექსი… სექსისთვის… განტვირთვისთვის… ჯანმრთელობისთვის ბოლოს და ბოლოს… დაინტერესდა, დილით ის ქალი ადგებოდა ვისთანაც დაწვა, თუ ისევე გააშიშვლებდა საკუთარ ხასიათს, როგორიც ეხლა მისი სხეული იყო… როგორც წესი, ზღაპრული მარტორქებივით იშვიათობას წარმოადგენენ მსგავსი ქალები… ახალი დღე ყველას ცვლიდა… ყველას რაღაც უნდოდა მისგან… ამიტომ არ უყვარდა გათენება… დილით ყოველთვის სხვა ქალთან იღვიძებდა. კეკლუცი, მაცდური ან მონადირე ქალების ნიღბებს თითქოს მზის სხივები ადნობდა და ისინიც ჭირვეულ, ბანალურ, კაპრიზულ, მესაკუთრე,ეჭვიან ქალებად იქცეოდნენ… ზოგს დაცვა სჭირდებოდა, ზოგს ახალი შენაძენით პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება, ზოგი რომანტიკულ რომეოს ეძებდა  და ზოგსაც მამაცი პრინცი უნდოდა… სამყაროსავით ძველი ამბავია… იტყვით ქმრიანი ქალებიო, მაგრამ ეგ განსაკუთრებულად რთული და საფრთხილო საქმეა, თუ სწორად არ გათვალეთ, თუ მისი ბუნება სწორად ვერ ამოიცანით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ბონუსად იპოონდრიაც მოყვება ხოლმე… ისეთებიც გამოერეოდნენ აიზბერგის სიცივით რომ ცდილობდნენ მის მოხიბვლას, მაგრამ რაღაც ყოველთვის იყო დამაეჭვებელი, გამოხედვა, მიმიკა, ხმის ტემბრი, მოძრაობა,სუნამოც კი… დროთა განმავლობაიში ისე გამოიწვრთნა, რომ თითქმის უშეცდომოდ, გათენებამდე ხვდებოდა, როგორი ქალი გაიღვიძებდა დილით…

არა, ვერავინ დააბრალებდა, ვერავინ იპოვიდა მასში სულ მცირე სიუხეშეს, სიტლანქეს ან უტაქტობას, ყოველთვის სიფრთხილით არჩევდა სიტყვებს და ალაგებდა წინადადებებს… მანერებით  იქნებ ძველ ინგლისელ სნობსაც კი ჩამოგავდა… კმაყოფილებას განიცდიდა იმის გამო, რომ მისი სქესის იშვიათ ეგზემპლარს წარმოადგენდა… ეგზემპლარს, რომელიც შეუმჩნეველი არ რჩებოდა საწინააღმდეგო სქესის არცერთ, ყველაზე გულუბრყვილო, გამოუცდელ წარმომადგენელსაც კი… თავისმხრივ კი ეტრფოდა და იხიბლებოდა ქალთა მოდგმით… ბავშობიდან სუსტი სქესის ყურადღებით განებივრებულს, კარგად ქონდა ათვისებული ერთი წესი, ქალები ფიზიკურ სისუსტეს მათი თანდაყოლილი სიეშმაკით და ტკბილი ენით ინაზღაურებენ. ჭკვიანი და ლამაზი ქალისთვის იმაზე ბევრად მარტივად და  სწრაფად  იღება ყველა კარი ვიდრე სხვა დანარჩენისათვის, შურისმაძიებელი ქალისთვის აღარ არსებობს სიწმინდე და სიმშვიდე, სანამ ამ ცივ კერძს ბოლომდე არ მიირთმევს… ამიტომ იცოდა,ძლიერი მამაკაცების,ხშირად ზედმეტი პატივმოყვარეობის გამო, რომ ვერ მიმხვდარან საკუთარ მარიონეტობას, ზურგს უკან ამოფარებული, ამ რუხი კარდინალების განაწყენება არ ღირდა…  დაწესებულ წესს ყოველთვის მკაცრად იცავდა, არასოდეს უბრუნდებოდა ძველ საყვარელს და ურთიერთობაც როგორც წესი ერთი ღამით შემოიფარგლებოდა… ამ წესის და სარკაზმული ბუნების წყალობით მისი მეხსიერება არ ინახავდა არცერთ წარსულ აჩრდილს, წინა ღამის აფეთქებიდან მეორე დღეს არაფერი რჩებოდა… თითქოს არც არაფერი არ მომხდარა…

თენდებოდა… იგრძნო, როგორ გადაიქცა სასიამოვნო დაღლილობა უბრალო დაღლილობად… ფრთხილად დაუბრუნდა საწოლს… ახალი დღისთვის უნდა მომზადებულიყო… ქალს სახიდან თმები გადაჰყროდა… გაახსენდა გაოცება, რომელსაც რამოდენიმე საათის განმავლობაში გვირდა ეს სახე, სწრაფად ცვალებადობის და მრავალი, ურთიერთგამომრიცხველი ემოციის გამო… ის  ხან სუსტი, გულუბრყვილო  ქალის განსახიერება იყო, იმდენად ნაზი და სათუთი კაცი იფიქრებდა ალბათ მიწას არც ეხება ისე დადისო. მისი სხეული ის   თრთოდა ეშინოდა, რომ შევეხო არ დაიმსხვრესო… მაგრამ უეცრად ისეთი ცეცხლი ჩაუდგებოდა თვალებში, თითქოს ჯოჯოხეთის ყველა დემონი მასში ჩასახლდაო, ნაზი, აკანკალებული სხეული ისეთი მოქნილი, მოძრაობა კი სწრაფი და ზუსტი უხდებოდა როგორც კატისებრთა ოჯახის მტაცებელს. ცდილობდა გაეხსენებინა ის საეჭვო დეტალი, წამი რომელიც ნათელს გახდიდა ქალის ნამდვილ ბუნებას და დილის წინასწარმეტყველებაში დაეხმარებოდა… ნუთუ რაღაც გამორჩა? ამ ქალში ერთდროულად ვერ დაისახლებდა დემონი და ანგელოზი, რომელიმე ყალბი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერაფერს იხსენებდა რაც მის ფიქრს საფუძველს შესძენდა… გათენდება, სისინივით ჩაესმა საკუთარი ხმა და იგრძნო როგორ იცვალა მისი ტუჩის მარცხენა კუთხემ მდებარეობა… კიდევ ერთხელ დახედა მძინარეს, ისეთი მშვიდი ჩანდა, თითქოს არც კი ეჭვობდა მასში იმ ვნება აშლილი, თავისნება, მონადირე  ქალის არსებობას, ჯოჯოხეთის გეენას ცეცხლთან ერთად რომ ეპატრონებოდა ხოლმე ამ სხეულს…

 

Advertisements