ნიღაბი VS ,,მე” / Draft-იდან ყურით მოთრეული პოსტი…

მგონი ნელ ნელა ვხვდები, რატომ იწერებოდა ყველა გენიალური სიმღერა, პროზა თუ პოეზია არაფხიზელ მდგომარეობაში 🙂 არა, გენიალურობაზე პრეტენზია არ მაქვს (ვიტყუები და თავმდაბლობ ერთად,რა ბანალურია), უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ მგონი ვხვდებითქო 🙂 არაფხიზელს უფრო მეტად გინდა სისულელეები ილაპარაკო… სისულელეები, რომლებიც შენი ქვეცნობიერის გამოხატულებას წარმოადგენენ ან უბრალოდ, უაზროდ ილაპარაკო 🙂 მეტად თამამი ხდები და იმიტომ… თამამი სხვასთან… საკუთარ თავთან… მოკლედ, დღეს მე უკვე მერამდენედ დავფიქრდი პიარზე და სტატუსზე… დავფიქრდი და მოვიფიქრე დამეწერა… და თუ ამას კითხულობ სავარაუდოდ ისიც მოვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უსირცხვილოდ გამომეტანა სააშკარაოზე, თორე რამდენი მსგავსი სისულელე მაქვს გადამალული ღმერთმა იცის 🙂

მოკლედ… არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ჩვენ, ყველას, რაღაც გარკვეული სტატუსი გვაქვს სამეგობროში, საახლობლობში თუ სამსახურში და თან როგორ წესი, ისინი არასოდეს ემთხვევიან ერთმანეთს და თუ ემთხვევიან, მაშინ ნება მომეცით მოგილოცოთ… გილოცავთ… მაგრამ, მოდით ცალკეულ მაგალითებს ნუ ავიღებთ… პირველად, მსგავს რამეზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც ერთმა ჩემმა ნაცნობმა ღიმილით მითხრა: ,,საკუთარი პიარის მსხვერპლი ხარ”-ო… ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გამაშიშვლეს… შემრცხვა და შემცივდა…

ჩვენ, ყველას, ჩვენი სამყარო გაგვაჩნია, თუმცა მეტნაკლებად ვამზეურებთ მას და უპირატესობას მაინც ნიღბებს ვანიჭებთ… იმიტომ კი არა, რომ თამაში გვიყვარს (თუმცა შეიძლება გვიყვარს კიდეც) უბრალოდ ზოგი, თავს ვიცავთ მოსალოდნელი ტკივილის და იმედგაცრუებისაგან, ზოგს იმდენად უმნიშვნელო და არფრის მომცემი გვგონია საკუთარი თავი, რომ არ ვთვლით მას ყურადღების ღირსად, ზოგიც რაღაც იდეალისაკენ ისწრაფის, უტოპიურ სამყაროს ქმნის და მერე თვითონვე იჯერებს მის არსებობას… და მაინც   რამდენად მართალია ამბავი, რომ შეძახილმა ხე გაახმო?

გახსოვთ, ბავშობაში, მშობლებს სიამაყისგან სახე უბრწყინავდათ, თუ კითხვაზე, ,,რა უნდა გამოხვიდე როცა გაიზრდები?”, რამე ამბიციურ და რაც მთავარია, კაბინეტიან, ყველაზე ცოტა 20-კაც დაქვემდებარებიან თანამდებობას ვიტყოდით, და თუ ამასთან ერთად, ამაყად გავიჭიმებოდით ხომ  ,,დედას/მამას სიამაყე” იყავი 🙂 და თუ ე.წ. ,,პარაზიტ ბავშვებს” განეკუთნებოდით მაშინ  მალევე ხვდებოდით თამაში წესებს ,,თუ, სტუმრების თანდასწრებით იმას იტყვი რაც მე (იგულისხმება დედა/მამა) გამახარებს, კანფეტს (ეს კანფეტი მერე მხოლოდ საჩუქრის სიმბოლური სახელად რჩება) მიიღებ”… მოკლედ, დგამ პირველ ნაბიჯებს  ცხოვრებაში, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს ,,მე ესეთი არ ვარ, მაგრამ კანფეტიც რომ გემრიელია?!”…

მერე იწყება თვითდამკვიდრების პერიოდი, ზოგი სხვას ჭრის, ზოგი ვენებს იჭრის, ზოგი გიჟდება, ზოგი ჭკვიანდება და მოკლედ,  ფერების და ფორმების მთელი პარადია … თუმცა მიზანი ერთია.. ,,მინდა ვიყო მე” და იწყებ გამუდმებით რაღაცის მტკიცებას, თუმცა რათქმაუნდა არავის წარმოდგენა არ აქვს ეს ,,მე” ან ეს ,,რაღაც” როგორია და საერთოდ რა არის… აქვე ავღნიშნავ, რომ ყველა წესს გააჩნია გამონაკლისი და აქ საუბარი ვუნდერკინგებზე კი არა ჩვეულებრივ მოკვდავებზეა… მოკლედ დავუბრუნდეთ თემას…

რატომღაც მგონია, რომ ეს თვითდამკვიდრება, თვითაღმოჩენა და საერთოდ ყველანაირი თვით-რაღაც ძალიან გავს ლაბირინთს… აი ისეთს დიიიდს, ალაგ-ალაგ ბნელს, ალაგ-ალაგ განათებულს და შესასვლელში რომ გაფრთხილებენ, აი შენს ,,,მე”-ს რომ იპოვიო, მერე ლაბირინთიდან ისეთ გასასვლელს ნახავ, რომელიც ზუსტად იქ მიგიყვანს სადაც შენ გინდა და ისე იქნები, როგორც შენ გინდაო…  ხოდა იწყებ ფიქრს როგორი შეიძლება იყოს ეს ,,მე”… და რადგან ადამიანი ხარ, ამიტომ არც პატივმოყვარეობას უჩივი და არც ამბიციას… რათქმაუნდა შენი ,,მე” აუცილებლად უნდა სჯობდეს აგერ იმისას, შენს გვერდით, შენსავით ენა გადმოგდებული რომ დაეძებს საკუთარ ,,მე”-ს… მაგრამ ეს მხოლოდ ძიების ადრეულ პერიოდში, მერე ფანტაზია-ტელევიზიის დიდი ძალაც ერთვება საქმეში და…

წარმოიდგენ პერსონაჟს,  რომელიც ესე ძალიან გინდა რომ გგავდეს (აბა პირიქით ხომ არ იკადრებ) და ცდილობ მისი/მათი ნიშან-თვისებები შენში აღმოაჩინო და რაც მთავარია წარმოაჩინო, აბა სახლში სერვანდზე რომ შემოდო რა ხეირი მაშინ… რაღათქმაუნდა არ გავიწყდება სტერეოტიპები საზოგადოების გრკვეულ ფენასთან და სექტორთან მიმართებაში… მოკლედ თამაში ,,აბა ვისი ,,მე” სჯობს” ისეთი აქტუალური ხდება, რომ სულ დაგავიწყდა რა გითხრეს ლაბირინთში შემოსვლამდე და ეხლა უკვე ძირითადი პრიორიტეტია ,,თუ შინაგანად ვერ ვჯობივარ სხვას, მაშინ იფიქრონ მაინც ესე” და აი, იწყება თავდავიწყება…

იწყებ თამაშს… ალბათ,უფრო რეპეტიციას… იცვლი ნიღბებს და გაფაციცებით აკვირდები აუდიტორიას, თუ რამდენად შესამჩნევი ან შეუმჩნეველი ხდები მათთვის ამ ნიღბის წყალობით… გააჩნია პრიორიტეტად რა დაგისახავს, დასისაგან გამოყოფა თუ მასში გათქვეფა… ,,ფრთიანობა” თუ ,,რქიანობა”… ნიღბების ცვლის სისწრაფე პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია შენს სიჯიუტეზე და ნებისყოფაზე… დროთა განმავლობაში, რომელიმე საკმაოდ კომფორტულად ერგება შენს სახეს და თითქოს ის მდგომარეობაც გაკმაყოფილებს რაც მისი წყალობით აუდიტორიაზე მოიპოვე… ცხოვრობ და თამაშობ ბედნიერადთქო შემეძლო მეთქვა, მაგრამ… მაგრამ, ადრე თუ გვიან იხედები საკუთარ თავში და… და ვეღარ პოულობ ზღვარს, ნიღაბს და ,,მე”-ს შორის…  ვერ იხსენებ როდის და როგორ მოასწრო ესეთი ღრა და მძლავრი ფესვების გადაგმა შენში, რადგან ზოგჯერ  იმდენად ხანგრძლივად  ვატარებთ მათ, რომ გვავიწყდება ვინ ვართ სინამდვილეში…

შენს მიერვე, ვითომ და შენივე კომფორტული ყოფნისათვის შექმნილი პერსონაჟი ეხლა უკვე გაფორიაქებს, იქნებ გაღიზიანებს კიდეც… ისმენ მოსაზრებებს შენი პიროვნების, იქნებ სჯობდეს მეთქვა პერსონაჟის მიმართთქო და ფიქრობ, შენზეა კი ლაპარაკი? გიცნობენ კი? იცნობ კი საკუთარ თავს? იქნებ დადგა დრო რომ დაემშვიდობო ნიღაბს, რომელსაც კმაყოფილი ატარებდი… მაგრამ, თუ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე, როგორც წესი იმაზე რთული აღმოჩნდება ხოლმე ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს… დასიც და მაყურებელიც ჯერ ფორიაქობს… ბუზღუნებენ, წუწუნებენ… მიჩვეული სახე უნდათ… მათი მსგავსი… მერე ხმამაღალ პროტესტსაც აღარ ერიდებიან… და შენც ნელ ნელა უკან იხევ, ხვალისთვის… ზეგისთვის გადადებ ამ საქმეს… მაინც არსად გეჩქარება და… არა და თურმე როგორ გეჩქარება… თურმე როგორ უნდა ჩქარობდე… არავინ იცის როდის დასრულდება რეპეტიცია და როდის დაეშვება მძიმე ფარდა… მაგრამ რაც უფრო საშინელია, ყველას გვავიწყდება, რომ ამ ამ რეპეტიციას სპეკტაკლად ქცევა არ უწერია…

დღითი დღე ძნელდება ნიღბის მოხსნა… დღითი-დღე ეჭვდები… საჭიროა კი? მაგრამ იქ სადღაც გულის პაწაწუნა კუნჭულში ჩუმად ისევ ღვივის იმედი… იმედი იმისა, რომ თუ შენ, მარტოს არ გეყოფა ძალა და გამბედაობა გააკეთო ეს… დაენახო სამყაროს ისეთი როგორიც ხარ… აიძულო აუდიტორია მიგიღოს, ხოლო დასი – ჩაგთვალოს მის სრულფასოვან წევრად… მაშინ იქნებ სადღაც… იქნებ ოდესმე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც შეძლებს შენი ბუნებას დანახვას და დაგეხმარება რეპეტიცია სპეკტაკლად აქციო… სპექტაკლად, რომელზეც აუცილებლად იქნება ანშლაგი…

Advertisements