ისტორია, რომელსაც სახლი ყვება…

ალბათ ყველამ კარგად იცით გამოთქმა ,,ჩემი სახლი, ჩემი ციხე-სიმაგრეაო”… ეჭვი მაქვს, როცა ეს გამოთქმა ,,დაიბადა” ციხე-სიმაგრეს პირდაპირი მნიშვნელობა ენიჭებოდა… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… დღეს, ციხე-სიმაგრეს თავდაპირველი მნიშვნელობიდან ალბათ, მხოლოდ ათიოდე პროცენტი თუღა შემორჩა, ისიც საკეტების, სიგნალიზაციის ან დაცვის ხარჯზე… სახლი, რომ  გარკვეულ სითბოს და სიმშვიდეს იწვევს ჩვენში, ალბათ ყველა დამეთანხმებით… მართალია, თინეიჯერობის ასაკში როცა განურჩევლად აპროტესტებ ყველას და ყველაფერს, ალბათ არც სახლის ფენომენია თბილი და მშვიდი მაგრამ, როცა მაჭარი დაღვინებას იწყებს მერე უკვე გეგემრიელება…

მე მჯერა, რომ ადამიანის პერსონა შეიძლება მეტნაკლებად ,,გაიშიფროს” იმის მიხედვით თუ რა ინტერიერში ხიბლავს მას ცხოვრება ან თუნდაც რა მდგომარეობაშია მისი მაცივარი 🙂 თუმცა მაცივარზე როგორმე მერე… 😉 იქიდან მოყოლებული რაც პირველი პროტესტი გამოვთქვი კაციშვილმა არ იცის რის, ან ვის მიმართ წარმოვიდგენდი სახლს… ჩემს სახლს… ჩემს ციხე-სიმაგრეს… საკუთარი სახლის ქონა ყოველთვის ასოცირდებოდა თავისუფლებასთან და იმ სამყაროსთან, რომელიც მე მჭირდებოდა, ან იქნებ არც მჭირდებოდა, მაგრამ მაშინ ეგრე მეგონა… მოკლედ, ჩემი ვირტუალური სახლი იყო ადგილი სადაც ვირტუალურად მოვთავსდებოდი და ვისვენებდი სამყაროსგან, რომელიც ჩემდა უნებურად გათვითცნობიერებულ/გაუთვითცნობიერებულ პროტესტს იწვევდა ჩემში…

თავიდან ვითომ არაფერი, ყველაფერი ერთი წინადადებით დაიწყო, ,,აი, მე, რომ ჩემი სახლი მქონდეს…“ დაიწყო და აღარ გაჩერდა… და თუ თავიდან, ჩემი სახლი, პაწაწუნა მყუდრო სახლუკას სინონიმი იყო, მერე  წარმოსახვამ და ფანტაზიამ ფრთები რომ გაშალეს და ცაში კამარა შეკრეს დღემდე უარობენ დედამიწაზე დაშვებას 🙂 თუმცა, ამბობენ ყველა მიზანი ჩანასახში სწორედ, რომ წარმოსახვა და ოცნება იყოო, ხოდა ამით შეგულიანებულმა ამ თავნება არსებებისათვის ფრთების შეკვეცა გადავიფიქრე 🙂 სახლი ეს კი კარგი, მაგრამ წარმოსახვა რისი წარმოსახვა იყო, ოთხ ცარიელ კედელში, საყვარელ კომფორტს  და პატივმოყვარეობა დაუკმაყოფილებელი დავეტოვებინე…. ამიტომ ისიც გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას და დეტალებში  განსაზღვრა მდებარეობა, არქიტექტურა, ექსტერიერ-ინტერიერი, ავეჯი და მილიონი წვრილმანი…განსაზღვრა და ერთგულ დარაჯადაც დაუდგა, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ხასიათის შესაბამისი ყოფილიყო, აწ უკვე აპარტამენებად ქცეული ერთდროს პაწაწუნა სახლუკა…

დრო გადიოდა… ვიცვლებოდი მე და იცვლებოდა ჩემი სახლიც… იცველბოდა ყველაფერი… მდებარეობა, არქიტექტურა, ექსტერიერ-ინტერიერი, ავეჯი და მილიონი წვრილმანიც კი… სახლი, რომელიც ერთ დროს ალბათ პატარა ლას-ვეგას უფრო  მოგაგონებდათ ვიდრე  საცხოვრებელ სახლს… და თითქოსდა იმისთვის არსებობდა, რომ არასოდეს დაწყნარებულიყო და დაცარელებულიყო…  სახლი სადაც არსებობდა მხოლოდ აწმყო დრო, უწარსულოდ და უმომავლოდ… სიგიჟე და თავდავიწყება… ნელნელა დამშვიდდა,  დაწყნარდა და დაცარიელდა… დაიხვეწა… ხმაური იშვიათობა გახდა, სამაგიეროდ სიჩუმე გაბატონდა…  უცვლელი დარჩა მხოლოდ ნათელი, მზით გამთბარი და სივრცული ოთახები… უზარმაზარ კედლებზე, ჭერამდე აყვანილი, წიგნებით სავსე თაროები… ერთმანეთში არეული სიგარეტის და ყავის არომატი…

მოკლედ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ვირტუალურ აპარტამენტებში და როცა ზღურბლს გადმოაბიჯებთ ძალიან გთხოვთ დეპრესია და მელანქოლია გარეთ დატოვოთ, მსგავსი ემოციები აქ კვლავაც პერსონა ნონ გრატად არიან გამოცხადებულნი 🙂  ეს სახლი ბუნებით პატივმოყვარე და შეიძლება ექსცენტრიულიც კი იყოს… და თუ სივრცე არ გხიბლავთ, წყალი ან სარკეები მაშინ პირობას გაძლევთ თავს მანდამაინც კომფორტულადაც ვერ იგრძნობთ… ერთი შეხედვით სახლი იქნებ ცივი და ,,შიშველიც” კი მოგეჩვენოთ, ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ავეჯი მინიმუმამდეა დაყვანილი და ოთახეები ნათელ ფერებშია, უზარმაზარი სარკეები კი ვიზუალურად უფრო აფართოებენ ოთახების მოცულობას… კედლებზე უხვად ნახავთ ცნობილ და უცნობ ფოტოებს… უმრავლესობაზე ადამიანთა ემოცია, განცდა ან მათ სხეულზე მოთამაშე ჩრდილებია  აღბეჭდილი…. ისინი ძირითადად შავ-თეთრია… თუმცა აქა-იქ ფერთა გამასაც მოკრავთ თვალს… აქ ვერ ნახავთ ოთახის ყვავილებს და პლუშის სათამაშოებს, თევზებს და ფრინველებს… სამაგიეროდ აუცილებლად ნახავთ მხიარულ ცუგას 🙂 ასევე ვერ ნახავთ ანტიკვარიატს, რომელიც ერთ დროს ძალიანაც მიტაცებდა, სამაგიეროდ ძნელია ვერ შეამჩნიოთ ძალიან ბევრი და ყველანაირი დანიშნულების ტექნიკა, რომლის თავისა ბოლოს გაგებას რათქმაუნდა ინსტრუქციის გამოუყენებლად ვცდილობ… ნახავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებად კრეატივსაც…

იფიქრე განსხვავებულად...

ეზო… იმდენად დიდი მაინც, რომ მეზობლების არსებობა მხოლოდ საკუთარი ნებით გამახსენდეს… მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უცხო ხალხი და თან  ღმერთმა არ ქნას და ცნობისმოყვარე არსებები სიმყუდროვეს მირღვევენ… ცხელი დღის შემდეგ, როცა საღამოს  გრილი ნიავი დაუბერავს, არაფერი სჯობს მასთან შესაგებებლად ,,ოთხი კედელის ტყვეობიდან” თავის დაღწევას… ჭიქა ყავით და სიგარეტით… დანარჩენი სურვილის მიხედვით…

კომფორტულ და მყუდრო ეზოს შეიძლება ბევრი დანიშნულება მოეძებნოს

იმისთვის რომ აგიხსნათ  წყალისა და ჩემი დამოკიდებულება, ერთი ჩემი მეგობრის ციტირებას მოვახდენ,  რომელმაც ერთხელ ზღვაში ნებივრობისას სიცილ კისკისით განმიცხადა…

– ,,ისე მიყვარს წყალი, მგონი თევზი ვარ”-ო…

just relex

ოთახების რაოდენობა ჯერ ვერ დავითვალე, ყველა მცდელობაზე ხან ერთით მეტია, ხან ერთით ნაკლები 🙂 თუმცა ეს სამი ოთახი ჩემგან ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას და ზრუნვას იმსახურებდნენ…

ჩემი სიამაყე ❤

ნირვანა...

უკომენტაროდ ❤ 😉

მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო არის ოთახი, სადაც ყველაზე ნაკლებ დროს ვატარებ და საერთოდაც გულმოდგინებ ვცდილობ თავი შორს დავიჭირო სახლის ამ ნაწილისგან მასზე სულ უარის თქმაც არ გამოვა, ამიტომ მისაღებთან გავაერთიანთე, უარი ვთქვით მის კლასიკურ ფორმებსა და დანიშნულებაზე… მოკლედ გამოვიდა ისე რომ სამზარეულო თან მაქვს და თან არ მაქვს…

ეს ხე ბუნებრივი არ არის და არანაირ მზრუნველობას არ მოითხოვს ჩემგან 🙂

კინაღამ მთავარი გამომრჩა… ადგილი სადაც ჩემი ფიქრები და ემოციები განსხეულდებიან და ფურცლებზე ან ცისფერ ეკრანზე ინაცვლებენ… ერთმანეთს ერწყმიან და გარკვეულ ფორმას იძენენ… ყვებიან ისტორიებს… ზოგჯერ, იქნებ საინტერესო ისტორიებსაც… ოთხი, რომელსაც უნახავს,თუ როგორ ვცდილობ ვებრძოლო საკუთარ ჯოჯოხეთს… კაბინეტი…

ფიქრიდან სტრიქონამდე............

ესეც ჩემი სახლის ძირითადი ინტერიერი და მდომარეობა… არაძირითადს რომ მივყვეთ, იმდენი მდგრადი და ცვალებადი წვრილმანია მაგას რა მოთვლის, თან ,,მადა ჭამაში მოდისო” ნათქვამია 😉   და, თუ თქვენც მეთანხმებით, რომ სახლები მათ ბინადრებზე ამბებს ყვებიან, მაშინ ვინ იცის რა ისტორიას მოგიყვათ ეს სახლი…

Advertisements