ვინ დაბერდა? II / დაგვიანებული პოსტი :)

ჩემს მუზას სინდისის ნატამალი მაინც რომ ქონდეს ან ცოტაოდენი მიდრეკილება მონოგამიისადმი, ეს პოსტი რამოდენიმე კვირით, თითქმის თვით ადრე დაიწერებოდა, მაგრამ რადგან მონოგამიაზე არცერთს არ გვაქვს პრეტენზია და თანაც აუტანლად ცხელა ღამეული შეხვედრებისათვის, მე მას დიდსულოვნად ვპატიობ 🙂

მოკლედ იმისათვის, რომ უფრო კარგად აღიქვათ ჩემი მონათხრობი, გირჩევთ ამ ამბის მსვლელობისას ყველაზე მოთხოვნადი კომპოზიციას მოუსმინოთ, მე კი თხრობას დავიწყებ…


ამბავი, რომელსაც მე თქვენ მოგიყვებით ვერ ვიტყვი 4 ივლისიდანთქო მაგრამ 10 ივლისიდან ნამდვილად დაიწყო 🙂  ჩვენ ბარტყის დაბიდუბი უნდა აგვეღნიშნა, და მას შემდეგ რაც მე და ბარბიმ  გამოცდები მივასიკვდილეთ, ან აქით მიგვასიკვდილეს გამოცდებმა, მოკლედ როგორც იყო, აქტიურად შევუდექით ბარტყის დაბ. დღისათვის მზადებას, კი არა და თარგის მორგებას…. ფრიად რთული აღმოჩნდა ეს ამბავი, თითქმის იმედგაცრუებამდეც კი მივედით. მოკლედ ერთ დღეს სერიოზულად ლაპარაკი განვიზრახეთ, ვირტუალურ მსჯელობას ვერბალური მსჯელობა ვამჯობინეთ, ,,კანაპეში” შევიკრიბეთ და რადგან მხოლოდ ორი დღეღა იყო დარჩენილი სერიოზულად მივუდექი საქმეს 🙂 საბაზისო წერტილები შემდეგში მდგომარეობდა: უნდა გავსულიყავით ქალაქგარეთ და  ბარტყის დაბ.დღესაც რათქმა უნდა აწ უკვე ,,ტრადიციისამებრ” შუაღამისას  შევხვედროდით…  წავიდა გეგმების გარჩევა და არჩევა, ეს ტრანსპორტიო, ეს ადგილიო, ვინ მოდისო, ვინ არ მოდისო, მოკლედ ვზივართ და ისეთი სახეები გვაქვს კაცს ეგონება მსოფლიო ეკონომიურ კრიზისთან საბრძოლო გეგმას განვიხილავთ… სანამ ჩვენ კონსესუსამდე მისვლას ვცდილობდით ამინდმა გადაწყვიტა ბოროტად ეხუმრა და უცებ ისეთი თავსხმა დაიწყო, კაცი იფიქრებდა რომელიღაც ოკეანე ამოშრა და ეხლა მანდამაინც თბილისის თავზე მოუნდა წვიმად მოსვლაო… ერთი კი ამოვისუნთქეთ აგრილდებაო… მაგრამ, მერე ყველამ მრავლისმეტყველი თვალებით გადავხედეთ ერთმანეთს… რაო ხვალ რას ვაპირებთოოოო?! მათთვის ვინც არ იცის… ბარტყი მსოფლიო ჩემპიონია წუწუნში… მაგასაც ნიჭი უნდა… ხოდა გვიყურებს ხან მე და ხან ბარბის და ისეთი სახე აქვს გეგონება გრინჩმა შობა კი არა მისი დაბ. დღე მოიპარა 🙂 მე და ბარბი გეგმა ,,ბ”-ს ვეძებთ…

ამ მაიმუნობაში ვერც კი მივხვდით როგორ მოვახერხეთ, მაგრამ ჩვენი მაგიდიდან გაიგონებდით საუბარი აუტიზზმზე, მედიცინის მუშაკებსა და მკვლევარებზე რომლებიც ირწმუნებიან, რომ დროა კომპიუტერთან დამოკიდებულება როგორც სერიოზული დავაადება ისე განვიხილოთ, და მსგავს ზოგადსაკაცობრიო, უმეტესად სამედიცინო თემებზე…. მას მერე რაც ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ და ერთმანეთს ახლად ათვისებული ინფორმაცია გავუცვალეთ, კაცი იფიქრებდა სამივე ერთ დროზე დააპროგრამესო და ისეთი სიცილი აგვივარდა მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა…სასწრაფოდ  დავუბრუნდით შეკრების მიიზეზს და რომ ვერა და ვერ ჩამოვყალიბდით, მამაკაცურ გონებას მოვუხმეთ დასახმარებლად 🙂 მამაკაცურმა გონებამ გვალოდინააა…

რადგან გარეთ უფრო გრილოდა ვიდრე კაფეში  გამოვედით და წვიმას ბარბის მანქანაში დავემალეთ… უცებ გვახსენდება ბავშვობა… როცა იხვეწები, რომ მანქანაში დაიძინებ… მაგრამ მერე იზრდები და მას შემდეგ რაც ერთხელ მაინც ,,ახიდენ ამ ოცნებას” მერე გამეორება კი არა გაფიქრებაზეც სახე გემანჭება… მოკლედ თემას ისევ გადავუხვიეთ და ისევ სიცილით დავუბრუნდით… ბიჭები ისევ აგვაინებენ… ბარბი და ბარტყი რაღაცაზე იცინიან. მაგრამ მე უკვე ისე მეძინება ლაპარაკიც მეზარება… მოვიდნენ… ნუ რათქმაუნდა საღადაო თემა არ ჩავარდა… მოკლედ ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, მაინც ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ და დავიშალეთ იმ აზრით და იმედით, რომ ბიჭები დაგვპირდნენ  რამეს ნახავთ ქალაქგარეთო…

13ში საღამოს შევიკრიბეთ, მოვიმარაგეთ სასმელ-საჭმელი და კოჯრის გზას დავადექით… ყველაზე კარგი ისაა, რომ ექვსი კაციდან მარტო ორმა იცის სად მივდივართ და ეს ორიც ისეთ რამებს ყვება დანიშნულების პუნქტზე ლამისაა უკან მოვბრუნდეთ. ხან ცივაო, ხან ნეტა არ იწვიმოს თორე რა გვეშველებაო, ნორმალური ადგილი თუ გინდა დასწრებაზეაო… ვზივართ  და თვალებდაჭყეტილები  ვიყურებით …. აი, სადღაც ტყეში რომ გადავუხვიეთ ხო საერთოთ პიკი იყო, ეგრევე ყველამ საშინელებათა ფილმები გაიხსენა, ხან მგელიო, ხან ტურაო, ხან ხერხიო და ხან ბენზოხერხიო…. უცებ განათებულ სივრცეში სოკოებივით წამოჭიმული ,,ფაცხები” გამოჩნდა… იქვე ჰამაკიც დავლანდეთ… გოგოების ამბავი ხომ იცით ატყდა ერთი კივილი-წივილი –  ,,რა მაგარიააა…  აუუუ…” და მას შემდეგ რაც ეიფორიამ გაიარა, დავტრიალდით…. კი არა და ჰამაკს ვეცით ეგრევე… ბიჭებმა თქვენი საშველი არააო და სუფრა გააწყვეს… შეგვრცხვა… დასახმარებლად მივედით, მაგრამ აღმოჩნდა  ,,ვაი, რომ ძალიან დავაგვიანეთ”… მოკლედ სანამ თორმეტი საათი დადგებოდა ჩვენ მოვასწარი ათასგვარი მაიმუნობა, დალევა, ცეკვა, სიმღერა, აჩხაკუნდნენ ფოტოაპარატები… ნუ როგორც ხდება ხოლმე…

თორმეტი საათს ცოტა რომ აკლდა ერთი ყმაწვილის საეჭვო სამზადისმა მიიქცია ჩვენი ყურადღება… ცოტახანში ცა ფეივერკეებმა გაანათა… ბარტყიიი გილოცაააავთ ავღრიალდით ჩვენც… ბარტყი იპრანჭება ინაზება და უზარმაზარი ვარდების თაიგულით ხელში მადლობას იხდის… ბიჭები ისევ რაღაცას მაიმუნობენ… მალე აღმოჩნდა, რომ ეს რაღაც არც მეტი არც ნაკლები ,,მინი საჰაერო ბურთებია”… ამჯერად ,,საქმისათვის” თავი არავის აურიდებია და ბურთებს, რომელებსაც წითელი გულის ფორმა აქვთ ცაში აიჭრაში დავეხმარეთ… კიდევ განათდა ცა და თან  მფრინავი წითელი გულები გამოჩნდნენ… უცებ ყველა ავკივლით…. არა, იმიტომ არა, რომ ალკოჰოლი გვიღიტინებდა ტვინში, უბრალოდ  შამპანურით გავიწუწეთ… დავრბივართ კივილ-წივილით… ვიგუდებით სიცილით და ეს შამპანურიც თითქოს აღარ თავდება…

სათითაოდ გავდივართ სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, მსგავსი შინაარსის, აწ უკვე ბანალური, მაგრამ მაინც სასიამოვნო სიტყვით…

ნუ რათქმაუნდა არ გვავიწყდება ბარტის დაწყნარება, რომ ასაკი უბრალოდ ციფრებია და მთავარია გული არ დაბერდეს… ბარტყი სასაცილოდ იბუზება… დავუბრუნდით მაგიდას… და რომ ვიფიქრეთ სურპრიზები მორჩაო, ბარტყმა საჩუქარი მიიღო…  სულმოუთქმენლად ველოდებით როდის გაბრდღვნის ბარტყი საჩუქარს და შედეგად რაც მივიღეთ შეგიძლიათ ფოტოებში იხილოთ… 🙂

დღის, უფრო სწორად ღამის კულმინაცია მაინც ჩემი უშფოთველი ძილი გახდა… ხო, ხო არ მოგეჩვენათ ძილი… ალბათ უძილობამ, დაღლილობამ, სიგრილემ და რათქმაუნდა საკმაო რაოდენობის ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და სანამ მე მაგიდას დაყრდნობილი ჩემი არანორმალურების არანორმალურობას ვუსმენდი, მივხვდი რომ ცოტა არ იყოს და დავიღალე…  გაფიქრება და ჩაძინება სავარაუდოდ ერთი იყო 🙂 რათქმაუნდა მეორე დღეს მოღალატედ შევირაცხე 🙂  და რათქმაუნდა ცხოვრების ბოლომდე ვერ ამოვალ მათი ყბიდან, მაგრამ  რაც მეტი იქნება სასაცილოდ გასახსენებელი ხომ მით უკეთესია :))

P.S. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო ლამაზი საღამოსთვის :* :* ❤

Advertisements