რემარკისებურად / წერილი რომელიც არ გაიგზავნა

ბნელი,გაკვამლული ოთახი… ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, ნახევრად ბნელი, იმიტომ, რომ ლამპიონების შუქი უმოწყალოდ და თავგანწირვით ებრძვის გამეფებულ წყვიადს… არცთუ ისე დიდი, მაგრამ პატარაც არ ეთქმის ოთახი…. და მიუხედავად იმისა რომ ამ ოთახში სიგარეტის კვამლის ნისლი ჩამოწოლილა, საფერფლეში მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის კიდევ ერთი სიგარეტის ღერი… მაგიდაზე კონიაკის ნახევრად დაცლილი ბოთლი და მუცელგაბერილი ჭიქა დგას… უზარმაზარი ფანჯრიდან კი, რომლის კიდეებსაც მძიმე ფარდები ფარავენ და რომელიც ამ ოთახის ერთადერთ ღირშესანიშნაობად შეიძლება ჩაითვალოს, მშვენიერი ხედი იშლება ამაყად მდგარ ,,ტრიუმფალურ თაღზე”…


აი ეს არის ჩემი ასოციაცია იმ ადამიანზე, რომელიც ძალიან სწრაფად გადაიქცა ჩემს საყვარელ მწერლად და რომლის პერსონაჟებიც ჩემს განუყრელ მეგობრებად იქცნენ და ნებით თუ უნებლიეთ, მსურდა თუ არ მსურდა, დადებითად თუ უარყოფითად მაგრამ მაინც შეცვალეს ჩემი ხასიათი და ჩემი შეხედულებები. და ალბათ ოდესმე თუ მოვხვდები მსგავ ოთახში კიდევ ერთხელ ავიღებ მის რომელიმე ქმნილებას და ისევ ჩავიძირები, სიგარეტის, ალკოჰოლის, ტკივილის და… მაინც იმედით, ადამიანური სისუსტით და სიძლიერით გამთბარ სამყაროში…

ამ წერილში კი ჩემო კარგო (თუ შეიძლება ამას წერილი ეწოდოს) შენს რამოდენმე ფრაზაზე მინდა ჩემეული ხედვა მოგიყვე…

მიცვალებულთა ხსოვნისადმი მოწიწება სხვა არაფერია, თუ არა მათ წინაშე დანაშაულის შეგრძნება. ადამიანები ცდილობენ გამოისყიდონ ის ბოროტება, როლელიც მათ მიცვალებულებს სიცოცხლეში მიუზღეს. ადამიანებს ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ აგონდება თავისი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან გვიან არის. და მაშინ ის ძალიან გულაჩუყებულია იმის შეგრძნებით, რომ თურმე დიადად კეთილშობილი შეიძლებოდა ყოფილიყო, და თავის თავს ამ ქვეყნიურ სიკეთეთა განსახიერებად სახავს. სათნოება, კეთილშობილება, სიკეთე… – ეს თვისებები ყოველთვის გირჩევნია აღმოაჩინო სხვებში, რათა ისინივე გაასულელო.
– ადამიანთა საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლებია ანგარება, შითი და მუხანათობა. ადამიანი ბოროტია, მაგრამ სიკეთე კი უყვარს… როცა მას სხვები სჩადიან

ჰმმ… ეს ამონარიდი ყველაზე მძაფრად დაილექა ჩემს გონებაში, რაც უფრო ვფიქრობ მით უფრო ვრწმუნდები, რომ ფაქტი ჯიუტია… ალბათ ამიტომაცაა რომ საკუთარ თავს ყველაფერს მეტნაკლებად ვპატიობთ ან ვივიწყებთ, გულმოდგინედ ვახშობთ სინდისის ხმას ან უბრალოდ ვეგუებით მომხდარს… მაგრამ იგივე შეცდომას თუ სხვაში აღმოვაჩენთ ან უფრო მცირესაც კი ჩვეულებრისამებრ ტრაგედის ვქნით და არ გვინდა იმის აღარება რომ ყველანი ადამიანები ვართ, ადამიანები რომლებსაც ერთნაირი უფლება გვაქვს დავუშვათ შეცდომა…

მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე ფიქრობ, ცინიკოსი კი მაშინ ხდები, როცა ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას.
აი მარტოობა კი, ნამდვილი მარტოობა, ყველანაირი ილუზიის გარეშე, რამდენადმე წინ უსწრებს სიგიჟეს ან თვითმკვლელობას.

არამგონია არსებობდეს ადამიანი რომელიც აქ არ დაგეთანხმება… იცი, როდესაც ეს ფრაზა წავიკითხე ჩემი არანორმალური კითხვის მანერის გამო  ფრაზა ,,თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას” უკუღმა ამოვიკითხე ,, თუ რად აქცევს ცხოვრება ადამიანთა უმრავლესობას” სწრაფად კითხვის ჩვევა ყოველთვის კარგი არ ყოფილა. მოკლედ არასწორად ამოვიკითხე და გული დამწყდა, რომ შენც ზოგადად ცხოვრებას აბრალებდი ჩვენს სულიერ დეგრადაციას, და მაინც თავიდან გადავიკითხე, გადავიკითხე და შვებით გავიღიმე… აქაც დავემთხვიეთ ერთმანეთს… მარტოობა კი…. ამ სიტყვის მნიშვნელობა იმდენად ღრმაა სინამდვილეში და იმდენად მტკივნეული… გაყუჩებლად მტკივნეული…

ცხოვრება ავადმყოფობაა და სიკვდილი თვით დაბადებიდან იწყება. ყოველ სუნთქვაში, ყოველ გულისცემაში ჩაქსოვილია სიკვდილის ნაწილაკი – ყოველივე ეს ბიძგებია, რომლებიც დასასრულს გვისწრაფებენ

– და მაინც… მედალს ხომ ორი მხარე აქვს… რამდენი სილამაზე და ბედნიერებაა ამ პატარა ბიძგებში… და თუ ცხოვრება ავადმყოფობაა, მაშინ მეგობარო, სიმართლე გითხრა საშინლად მინდა ძალიან დიდხანს ვიყო ავადმყოფი…

მუდამ ზიზღს მგვრიდა ყოველგვარი აღრევა, მძულდა ერთი მეორესადმი პირუტყვული მიზიდულობის გრძნობა, იმ დროს მაინც, როცა ირგვლივ ხელოვნების დიადი ქმნილება მბრძანებელივით გაბატონებულიყო, შმაგურად მეზიზღებოდა შეყვარებულთა გაოგნებულ თვალთა ალერსი, მათი ურთიერთ მიტმასნება და სულიერი განცხრომის გამომხატველი გამოხედვა, ეს უბადრუკი, ფინიური ბედნიერება, რომელიც ვერასდროს ვერ  გასცილდება საკუთარ საზღვრებს. მეზიზღებოდა შეყვარებულთა სულიერი შერწყმის შესახებ ენით ლაქლაქი, რადგან ვიცოდი, რომ სიყვარულით გაერთიანება, ერთ არსებად ქცევა არ შეიძლება და შეყვარებულთ მართებთ ხშირად დაშორება, რომ უფრო მეტად დააფასონ ახლად შეხვედრა. საყვარელ არსებასთან შეხვედრის ფასი მხოლოდ იმან თუ იცის, ვინც არაერთხელ დარჩენილა მარტოობაში. ყოველი დანარჩენი კი ასუსტებს სიყვარულის დაძაბულობას და იდუმალებას. რას შეუძლია გაარღვიოს მარტოობის მაგიური სფერო, თუ არა გრძნობათა აფეთქებას, მის თავზარდამცემ ძალასა და სტიქიას – ქარიშხალს, ღამეს და მუსიკას?…

…. უბრალოდ გეთანხმები, არ ვიცი არ შემიძლია… აუტანელია… ან მე ვარ აუტანელი…


სიყვარული ადამიანში იბადება, მაგრამ მასში კი არასოდეს არ დასრულდება. მაშინაც კი, როცა ყოველივე სახეზეა: ადამიანიც, სიყვარულიც, ბედნიერებაც და სიცოცხლეც, – რომელიღაც საშინელი კანონის თანახმად ეს ყველაფერი მუდამ ცოტაა და თანდათან უფრო მცირედ გვეჩვენება, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

– და განა რამე არ გვეჩვენაბა უფრო და უფრო მცირედ… და განა ყოველთვის ცუდია ეს… რომ არა ჩვენი ,,გაუმაძღრობა” განა არ დავრჩებოდით გამოქვაბულებში… მაგრამ მაინც აუტანლად მტკივნეულია იმის გაცნობიერება რამდენი ბედნიერი წუთი დავკარგეთ ამ ,,გაუმაძღრობის” გამო

გულმავიწყობა – აი რა არის მარადიული სიჭაბუკის იდუმალება. ჩვენ მახსოვრობა გვაბერებს, რადგან ძალიან ცოტას ვივიწყებთ.

იცი, ეს ფრაზა მეცნიერებმაც დაადასტურეს… თურმე რაც მეტ უარყოფით ემოციას ვინახავთ მით უფრო მალე ვბერდებით და უსასყიდლო, თანაც გულითად მოსაწვევებს ვუგზავნით მილიონობით მომაკვდინებელ დაავადებებს…

როცა ადამიანს მიზანი აქვს დასახული, მაშინ ცხოვრება მეშჩანური, შეზღუდული ხდება.

რატომღაც მგონია რომ ამ ფრაზის უარყოფა თავისმართლებას გავს… სიმართელე ერთია და ყველაფერს თავისი სახელი აქვს… მიზანი გვაიძულებს მეტნაკლებად უარი ვთქვათ სპონტანურობაზე… გააჩნია რამდენად მძაფრად მივიღწვით მის მისაღწევად… და მიუხედავად ამ სიმართლისა და მიუხედავად იმისა რომ ადამიანები იმდენად ძლიერად ვზრუნავთ მომავალზე რომ აწმყოს ვივიწყებთ, მაინც არ ღირს იმის დავიწყება რომ სიბერე წინ გვაქვს…


სიწყნარეში ხვდები, რომ მარტოოდენ ერთი რამ გაკლდა, რათა შენგან კარგი ადამიანი გამოსულიყო, ერთ რამ – დრო
– დრო და სიმშვიდე
ახლა საქმე იქამდე მივიდა, რომ სიმშვიდე აუტანელ რამედ მოგვეჩვენებოდა.

ჰმმ… დრო და სიმშვიდე… ყველაზე ძვირადღირებული რამ ამ სამყაროში… ცუდია რომ ფასი და ღირებულება სხვადასხვა ცნებებია… და კიდევ უფრო ცუდია რომ ვერასოდეს მოვახერხებთ ადამიანები ამ ორი ცნების გაერთიანებას… კიდევ ის რომ ეს ორი იქნება სამუდამოდ ის ორი რაც ყოველთვის დაგვაკლდება… იმისთვის რომ ვიყოთ ბედნიერები… იმისთვის რომ ვიყოთ უკეთესები… იმისთვის რომ დავაფასოთ ერთმანეთი…

სიბრალური ყველაზე უსარგებლო რამეა ამ ქვეყნად
– ის ნიშნის მოგების მეორე მხარეა

არასოდეს მიფიქრია სიბრალურზე ამ კუთხით… ყოველთვის მეგონა რომ თუ მას არ გამოვხატავდი მაშინ არ იქნებოდა განსხვავება ჩემსა და ქვის ქანდაკებას შორის… მაგრამ გავიდა დრო… ეს ფრაზაც სამუდამოდ დაილექა ჩემს გონებაში და ხშირად გამხდარა განხილვის საგანი… და  რაც არ უნდა უგულოდ ჯღერდეს… თურმე მაინც ესე ყოფილა…

უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს, ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?

არც არაფერი ჩემო კარგო, არც არაფერი.. განა ფიფქით არ იწყება ზვავი და განა განუსაზღვრელი წყლის წვეთებისაგან არ შედგება უკიდეგანო და უძირო ოკეანეები…

ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ამაშია ყველაფერი. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელია და ყველაზე უბრალო რამეც ამქვეყანაზე

საინტერესოა რატომ?… რატომ გვიყვარს ერთმანეთი… რა არის ამის მიზეზი? გვიყვარს თუ გვჭრდება ერთმანეთი, ან იქნებ იმიტომაც გვიყვარს რომ გვჭირდება?


და ზოგჯერ, როცა სიჩუმე ყვირის, იძულებული ხარ ყველაზე ხმამაღალით ჩაახშო რაც კი რამ გაგაჩნია

შეიძლება გაგეცინოს მაგრამ… საინტერესოა, ოდესმე თუ გილაპარაკია  საკუთარ თავთან ხმამაღლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ აჩერებ და ვერ იშორეფ ფიქრებს რომლებიც შეუბრალებლად გსერავენ და ტკივილს გაყენებენ… საშინლად არ მიყვარს სიჩუმე, კიდევ უფრო არ მიყვარს სიჩუმის და ღამის კომბინაცია, როცა ფიქრები გონებაში ავისმომასწავებელი რიტუალისათვის ცეკვას იწყებენ…

– თქვენ იღიმებით და ესოდენ მშვიდი ხართ, რატომ არ ყვირით?
– მე ვყვირი, მაგრამ თქვენ არ გესმით ჩემი

ღმერთო რა აუტანელია ეს ყვირილი… ყვირილი რომელიც არავის ესმის… როცა გარედან მშვიდი ხარ იმიტომ, რომ უნდა იყო… მაგრამ ყველა შენი უჯრედი ყვირის და ხმის იოგებს არ შეუძლიათ ამდენი ემოციის გადმოცემა…

სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ, და თუ არსებობენ, მათი ადგილი მუზეუმშია და არა საზოგადოებაში

უბრალოდ და მარტივად… არ არსებობს სრულყოფილება…

სულელად დაბადება სირცხვილი არაა, სულელად სიკვდილია მხოლოდ სამარცხვინო

საინტერესოა რა არის სისულელე? ის რომ ვერ ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზეც კი?

ვიდრე ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია

არასოდეს მჯეროდა ბედის და უბედობის… და ვერც იმას დავიჯერებ, რომ სადღაც ჩემს დაბადებამდე დაიწერა ჩემი ცხოვრება… ალბათ ვერასოდეს გავუგებ იმ ადამიანებს ვისაც ბედის და თავისუფალი ნების ერთდროულად სჯერათ…

სიყვარულს მეგობრობით არ ცხებენ ჩირქს. დასასრული არის დასასრული

ვითომ მეგობრობა სიყვარულის შეურაწყოფაა… არ ვიცი… არამგონია… თუმცა თუ რამის დასრულება გინდა მაშინ ალბათ უნდა დაასრულო კიდეც… კოცონისგან ხომ თითქმის ყოველთვის რჩება პაწაწუნა ნაკვერჩხალი მაინც… ჩემთვის მეგობრობა უფრო ძლიერია, რადგან ლოგიკას ექვემდებარება და არც ისე მარტივად მსხვრევადია, როგორც სიყვარული… ალბათ ყველი ჩვენგანი მხოლოდ ჩვენებურად, ინდვიდულურად აღვიქვათ სიყვარულს  … გვიყვარდეს მაგრამ არა მიღებულად და არა როგორც სხვას… უბრალოდ მარტივად… გვიყვარდეს ჩვენებურად, ჩვენს ენაზე…

თუ რამის გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ

გეთანხმები… თან არ გეთანხმები… პრინციპი საინტერესოა ,თუმცა ყოველთვის სასურველ შედეგამდე მივალთ ვითომ?


კლდე უნდა დარჩეს კლდედ ! ტალღები მუდამ ასე მეტყველებენ, მაგრამ მოძრავი ყოველთვის უფრო ძლიერია უძრავზე. წყალი კლდეზე ძლიერია

აი აქ არ ვიცი რა გითხრა… იმიტომ კი არა რომ არ გეთანხმები… არა, პირიქით ძალიანაც გეთანხმები, უბრალოდ ვერ ვყალიბდები…

ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რამეს ფეხს და დაეცემა

აი აქ ბოლომდე გეთანხმები 🙂 და ჩემდა სამწუხაროდ ჩემივე ერი გამახსენდა 😦 იცი თბილი ხალხი ვართ ქართველები, მაგრამ დიდი უბედურება გვჭირს… გამუდმებით უკან ვიხედებით და ჩვენი წინაპრებიო ვიძახით… საფლავშიც არ ვასვენებთ და წარსულ დიდებას მივტირით… გაცვეთილ და მოძველებულ ტრადიციებს თანამედროობას ვარგებთ და ვერც ვარგებთ… საბოლოოდ ავირირიეთ და სამწუხაროდ ხშირად წამოვკრავთ ხოლმე ფეხს…

ცხოვრება მეტისმეტად ხანგძლივია ერთი სიყვარულისთვის

🙂 უდაოდ 😉 თუმცა როგორც ამბობენ ,,ყველა წესს აქვს გამონაკლისი – ამ წესის ჩათვლით”-ო.

ყველა ცდილობს გამოგლიჯოს ცხოვრებას ყველაფერი, რისი გამოგლეჯაც შეუძლია, ვიდრე აღსასრულის დღე არ დადგება.

იცი, მგონი ჩვენი ბრალი სულაც არ არის ცხოვრებასთან ჭიდაობა რომ გვიწევს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ადამინი პარაზიტული ბუნების პატრონია… ამიტომ, იქნებ კარგიც არის ნადირობა რომ გვიწევს და არ ღირს, როგორც ჩემთან სამშობლოში იტყვიან ,,ლუარსაბად გადაქცევა”

მარადიული, იაფფასიანი სასოწარკვეთილება, ღამის წყვიადის სასოწარკვეთილებაა, რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება.

ნეტავ იცოდე, რამდენჯერ გაუღია ჩემთვის ჯოჯოხეთის კარი ამ იაფფასიან სასოწარკვეთილებას და რამდენჯერ მიყვირია ისე რომ ბგერაც კი არ  გაჟღერებულა სიჩუმეში და კიდევ კარგი რომ ის რაც სიბნელეს მოსდევს მასვე მიჰყვება კიდეც… ალბათ ამიტომაც მიყვარს ესე აუტანლად ახალი დღე და მზის პირველი სხივი… დღე ხომ ღამეზე ბრძენია…

ადამიანი დიადია თავის ზრახვებში მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში – ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც

რომელი გავბედავთ და რომელი ვიტყვით ,,არაო”… თუმცა ალბათ არსებობენ ადამიანები ვინც აქ ვერანაირ მომხიბვლელობას ვერ ხედავს… ვინც არ აღიარებს რომ ჩვენივე სისუსტებით და შეცდომებით ვყალიბდებით ინდივიდებად…

ქალი ან უნდა გააღმერთო,ან უნდა მიატოვო- სხვა ყველაფერი სიყალბეა.

იცი, ბევრი უარყოფითი დამოკიდებულება წამიკითხავს ამ ფრაზის მიმართ… და ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ატარებენ ვარდისფერ სათვალეს და ყველა-ფერს ერთნაირი სიმკვეთრით აღიქვამენ… მომისმენია გამოუსწორებელი  რომანტიკოსების დამოკიდებულებაც ამ ფრაზისადმი… სიმართლე გითხრა მე პირველს ვეკუთნი… ყოველთვი ს წინააღმდეგი ვარ  ვინმის რამის გაღმერთებს… მაგრამ, მერე მგონი ალტერნატივა მოვძებნე… რატომღაც მგონია რომ სიტყვა ,,გაღმერთება” ცოტა სხვა მნიშვნელობითაა… ანუ, ადამიანები ყოველთვის ღებულობენ ,,ღვთისგან დაკისრებულს” ერთს კი ცაიწუწუნებენ ,,რატო, რისთვის ღმერთოო” მაგრამ მანც ურიგდებიან და მას არ განუდგებიან… იქნებ ესეთ ურთიერთობაზე ლაპარაკობდი შენც?… რომ ადამიანებმა ერთმანეთი ისეთები უნდა მივიღოთ როგორებიც ვართ… რომ ადამიანები არ იცვლებიან, და თუ გგვგონია რომ შეიცვალნენ მაშინ უბრალოდ ვერ ვამჩნევთ რომ ისინი კარგად ადაპტირდნენ გარემოსთან და დროსთან… თუმცა შინაგანი ბუნება არსად წასულა და ადრე-თუ გვიან მანც იჩენს თავს… რომ ერთმანეთი ან ჩვენი პლიუს/მინუსებით უნდა მივიღოთ, ან უბრალოდ… დასასრული უნდა იყოს დასასრული.

Advertisements