(არ)შემდგარი ისტორია…

სასიამოვნო სიგრილემ, წვიმის შხაპუნა ხმამ და მის სხეულზე უმცირეს ნაწილაკებად დაშლილმა წვიმის თბილმა წვეთებმა გააღვიძა… კანის ყველა უჯრედი გამალებით სუნთქვდა და ღამის სიგრილეს ისრუტავდა… ფილტვებმაც იგრძნეს მძიმე ჰაერი მსუბუქად ქცეულიყო  და გამალებით ითვისებდნენ ამ სიმსუბუქეს… ძილბურანში მყოფი ტვინი კი, რომელმაც თავის და უნებურად დიდი რაოდენობით მიიღო უკეთესი ჟანგბდი, უკეთესი იმასთან შედარებით რითაც მთელი დღის განმავლობაში იკვებებოდა, სასწრაფო წესით შეუდგა მის მოხმარებას, რის შემდეგაც ყველა ამ ორგანოს თუ ქსოვილის პატრონმა შედეგად ის მიიღო, რომ აბუზღუნებული დამფრთხალი და უკმაყოფილო ძილის ღვთაება ცივად წამოდგა მისი სარეცელიდან და უხმოდ გაეცალა იქაურობას…

ღია ფანჯრიდან სასიამოვნო, მსუბუქი და გრილი ნიავი აღწევდა, არანაკლებ სასიამოვნო წვიმის არომატთან ერთად და ოთახის დაგუბებულ, სიგარეტის კვამლისაგან დამძიმებულ ჰაერს საშიშ მტრად ევლინებოდა… ლამპიონის შუქის ჩრდილზე ადვილად შეიმჩნეოდა სუბტროპიკული ქალაქისათვის უჩვეულო, ტროპიკული წვიმის მსხვილი წვეთები და დროდადრო სხეული ამცნობდა, რომ მათ სასიამოვნოდ თბილი ტემპერატურა ქონდათ…
– საწოლი ფანჯარასთან, არც ისე კარგი იდეაა …
საათი შუაღამეს აჩვენებდა… ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო ყველაფრისათვის, მაგრამ ძილის ღვთაებასაც არ უნდოდა საწოლში დაბრუნება… სხეული კი ისევ ხარბად ისრუტავდა მსუბუქ, შედარებით სუფთა ჟანგბადს და უფრო და უფრო აფხიზლებდა ტვინს… რადგან საწოლში გაჩერებას აზრი აღარ ქონდა , გადაწყვიტა ორ მომაკვდინებელი მეგობრისათვის მიემართა… საწოლზე ჩამოჯდა და  აბრეშუმის ხალათს  ლამპიონის შუქზე დაუწყო ძებნა… იცოდა, მზის და სიცხის მოყვარულს ეხლა ეს მაინც ყველაზე ნაკლებად ესიამოვნებოდა… ალბათ რაც არ უნდა გიყვარდეს რაღაც დროდადრო მისგან მაინც გჭირდება დასვენება… ხალათი მსუბუქად აფრიალდა ჰაერში და ასევე მსუბუქად დაეფინა შიშველ სხეულს… რომელმაც როგორც კი იგრძნო, რომ სიშიშვლე შეუზღუდეს ერთი კი გაიბრძოლა, მაგრამ რადგან მჭიდროდ არაფერი ეკვროდა და კანიც მართალია ისე თავისუფლად ვეღარ მაგრამ მაინც მშვიდად განაგრძობდა სუნთქვას ძალიანაც აღარ გაუპროტესტებია…

სამზარეულოშიც გრილოდა და მსუბუქი სინათლე აღწევდა… ელექტრო ჩაიდანმა იმის ნიშნად, რომ მუშა მდგომარეობაში მოიყვანეს ცისარტყელას ფერებით დაიწყო კიაფი და გაურკვეველი მიზეზების გამო ცოტახანში აბუზღუნდა კიდეც… ფანჯარასთან მოკალათდა… სიჩუმე სანთებელის წამიერმა ხმამ დაარღვია და ლამპიონის შუქზე სქელი ნისლივით გაიწელა სიგარეტის ბოლი…  სანამ ალოგიკური ინტერესით აკვირდებოდა სიგარეტის უაზრო, აბსტრაქციული კვალს,  ელექტრო ჩაიდანი ბუზღუნით დაიღალა და გაჩუმდა, რაც თავისთავად იმას მოსწავებდა, რომ მეორე  მეგობარიც მთითქმის მზად იყო, კიდევ ერთხელ და არაუკანასკნელად გაეწია სასიამოვნოდ მომაკვდინებელი სამსახური… წვიმის და სიგარეტის არომატს, ძლიერი ყავის არანაკლებ ძლიერი არომატიც შეერია… აი ისიც მიწიერი სამოთხე…
– მისწრება ვარ ინკვიზიციისათვის
ფანჯარასთან მყუდროდ მოკალათებულს და მეგობრების სრული მხარდაჭერით მიწიერ სამოთხეში მყოფს ახალი საფიქრალი გაუჩნდა… დრო მომაკვდინებლად ნელა მიდიოდა გათენებას ჯერ კიდევ ბევრი ეკლდა… სიგრილეში ჩაძირულ ქალაქს გულიანად და ალბათ მშვიდადაც ეძინა…
– იმედია ყველას არ ძინავს


იგრძნო ეშმაკმა ღიმილმა როგორ სწრაფად გადაურბინა სახეზე… ოთახის სიღრმიდან კიდევ ერთი ცოცხალი არსება დაიძრა და სამზარეულოში დაბალ ჩრდილად შემოცურდა… სველი ცხვირი ჯერ ფეხზე შეახო მერ მძიმე, მაგრამ თბილი თავი კალთაში ჩაუდო… მექანიკურად მოეფერა… უცნაურია, როდის გახდა ეს არსება, რომელმაც თავის დროზე აქტიურად აითვისა მისი რამოდენიმე ყველაზე საყვარელი და ძვირადღირებული ფეხსაცმელი, დესერტად დააყოლა სამზარეულოს ავეჯი   მისი სიმშვიდის დარაჯი… როგორ ახერხებდა გაეთბო სახლი და დაეფრთხო მარტოობის აჩრდილები… გარეთ ისევ წვიმდა… არც ინტერნეტ სივრცეში დახვდა რაიმე სიახლე.. აი ისიც მესამე მომაკვდინებელი მეგობარი, ცისფერი ეკრანი ციმციმა თვალებით შეჰყურებდა…
– იქნებ ეხლა მაინც დავწერო რამე… ჰმმმ…
რამოდენიმე აბზაცის მერე მიხვდა რომ არაფერი გამოვიდოდა… ეკრანი ჩაქრა… დაკვირვების ობიექტად ისევ წვიმის წვეთები იქცნენ… სიმშვიდის დარაჯს მის ფეხებთან მშვიდად ეძინა… თვითონ კი გრძნობდა როგორ იკრებდა მის შიგნით ქარიშხალი ძალას… თავი უსუსურად და მარტო იგრძნო…
– არა მეგობარო, არავითარ შემთხვევაში არ მოგცემ დღეს თვითგვემის უფლებას…
ღამე… უცნაური რამაა… თითქოს რომანტიკული და მშვიდი… მაგრამ როცა სიბნელის ქალღმერთი დედამიწის გარკვეულ ნაწილს მის უზარმაზარ შავ მოსასხამს გადააფარებს… თითქოს ყველა სულიერის არსში იცვლება ბალანსი სიკეთესა და ბოროტებას შორის… ყველა არსება იცვლება… უცვლება უარყოფითისაკენ… მეტნაკლებად რათქმაუნდა… მიწისქვეშეთიდან ლაღად მოაბიჯებენ ადამიანთათვის შექმნილი, ან ადამიანთა შექმნილი დემონები, იციან ნადირობის დრო დადგა…
– საიდან მომდის ამდენი სისულელე თავში?
-მაინც ერთ აბზაცსაც ვერ ვწერ….
ისევ გაიელვა ასანთის შუქმა და ისევ ზანტად გაიკლაკნა სიგარეტის კვამლი… ისევ წვიმდა და ისევ ქალაქს აწვიმდა… ისევ ამოვიდოდა მზე და ისევ მიწისქვეშეთს მიაშურებდნენ დემონები…

Advertisements