უსათაუროდ… ანუ როგორც გენებოთ…


ოთახში ბნელა… ვზივარ სარკესთან და ყურადღებით ვაკვირდები საკუთარ ანარეკლს… რამდენი რამე შეცვლილა… როგორ შევცვლილვარ თითქოს სხვა ადამიანი მიყურებს სარკიდან… ღამეს ბევრი მოგონება და სევდა მოაქვს…ვუყურებ ძველ სურათებს და თვალში მხვდება აშკარა სხვაობა… რატომ აღარ მიყურებს იგივე გოგონა სარკიდან?  რა შეიცვალა?  ვგრძნობ, ნელ-ნელა მეპარება შიში და იმასაც ვგრძნობ, რომ არ მინდა გამოვტყდე, რომ მეშინია… მეშინია, რომ დრო გადის და მე წამის შეჩერებაც არ შემიძლია… მეშინია, რომ დროზე ადრე წავალ… თუმცა არავინ იცის როდის არის წასვლის დრო… არა მიქელასი არ მეშინია, მაგრამ მეშინია, რომ ბევრი რამ დამრჩება გასაკეთებელი… მეშინია, რომ ერთ დღეს სარკე შემაშინებს… მეშინია, რომ ყოველდღიური ცხოვრება ჩემს ოცნებებს ჩაყლაპავს… მეშინია, რომ ცხოვრების ბანალური ისტორია მექნება… მეშინია, რომ წავალ და აღარავის გავახსენდები… მარტოობის მეშინია, სიბერის მეშინია… არა, მარტოობა ღამით, როცა ფილოსოფიის ხასიათზე ხარ და საკუთარი თავის ფსიქოლოგობას იბრალებ ყველაზე კარგი იდეა ნამდვილად არაა…

და მაინც რატომ იცვლება ეს ანარეკლი ესე აუტანლად სწრაფად? რა ემართებათ თვალებს? რამოდენიმე საათის წინ იმდენ ემოციას ამოიკითხავდით ეხლა კი … როდის მოვასწარი ცხოვრების მიმართ  ინერტული გავმხდარიყავი? როდის შემიყვარდა დინების მიმართულებით ცურვა?…როდის ვთქვი უარი ხვალინდელ დღეზე და როდიდან დავიწყე დღიდან დღემდე ცხოვრება?

ვერ ვხვდები, მე ვაკვირდები მას თუ პირიქით… ვუყურებ და ვერ ვხვდები როდის მოასწრო დაღლა, რისგან დაიღალა… სახეს აშკარად ეტყობა არაჯანსაღი და არასწორი ცხოვრების წესი, ან მე მეჩვენება გაზვიადებულად… მიყურებს სარკიდან საკუთარი ორეული და ვგრძნობ რომ ვფორიაქობ, საკუთარ მესთან გაშიშვლებული, აშკარად და თვალისმომჭრელად ვამჩნევ ყველა ნაკლს, ნაკლს რომელსაც დიდი ხანია შევეგუე ან მივუტევე საკუთარ თავს, მაგრამ ასეთ მომენტებში მაინც არასასიამოვნოდ გაირბენენ ხოლმე თვალწინ… სად წავიდნენ ჩემი მიზნები… როდის მოასწრეს გახუნება…იმდენი რამ მინდა გავკეთო, ორჯერ იმდენივე შევცვალო ჩემს გარშემო… რატომ ვერ ვიწყებ ვერაფერს და თუ ვიწყებ, რატომ ვკარგავ ინტერესს…

გადავწყვიტე საკუთარ თავთან მესაუბრა, არსებასთან რომლისთვისაც ღიაა ჩემი გონების და გულის ყველა კუთხე…  ადრე ეს მილიონჯერ გაგვიკეთებია…მერე დავიკარგეთ… ეხლა მივხვდი, რომ არა მარტო მენატრება, მჭირდება კიდეც…
მე: აბა, როგორ ხარ? (ვიღიმი)
სარკე : შენი გადამკიდე…( ისიც იღიმის მაგრამ რატომღაც ეს ღიმილი ისეთი აღარ არის როგორიც მახსოვდა)
მე: რა ვქნათ ეხლა მე და შენ?
სარკე: მე მეკითხები?! მოდი ესე… გაზრდას აღარ აპირებ?
მე: შენღა მაკლდი…
სარკე:თუ არ გაკლდი რას ჩამომიჯექი? მიუბრუნდი მაგ ლეპტოპს და გააგრძელე მაიმუნობა!
მე: (ვიღიმი) სულ მავიწყდება, როგორი საყვარელი ვარ…
სარკე: კი, როცა გძინავს…
მე:  მორჩი სისინს
სარკე:კარგი, მაშინ სერიოზულად… როდის აპირებ გაზრდას?
მე: არ ვიცი… (და ვგრძნობ რომ შემრცხვა)
სარკე: არ დაიღალე მაინც?
მე: კი…
სარკე: მერე?
მე: რა მერე? არ შემიძლია, არ შემიძლია გეგმების დაწყობა, არ შემიძლია რეჟიმში ცხოვრება და მგონი გაზდაც არ შემიძლია
სარკე: რას ნიშნავს ,,არ შემიძლია?” მაგას იცი რა ქვია?
მე: კი, პარაზიტი ვარ
სარკე: რას მელაპარაკები ?!
მე: საკუთარი თავისაგან ირონიის ატანას არ ვაპირებ!
სარკე: ეგ როდის აქეთ
მე: დავიღალე…
სარკე: დაიღლებოდი, არაფერს აკეთებ და… თუ აკეთებ ერთი და იგივეს, ჩაკეტილ წრეში ხარ… ამბიციები იცოცხლე გიღიტინებენ… ენაც გიჭრის… მაგრამ მორთმეული გიყვარს ყველაფერი…
მე: ვის არ უყვარს?
სარკე: ნუ იკრიჭები, როდემდე იქნები ეგრე დღიდან-დღემდე?
მე: არ მინდა ესე… (მვხვდი , რომ შარში გავყავი თავი)
სარკე: შეხედე საკუთარ თავს…
მე: მერე?
საკე: რა მერე? ვერ ხედავ რომ გაიყინე, საქმე დაწყებული არ გაქვს ისე ტოვებ… ხომ არ გგონია რომ მთელი ცხოვრება სიცილი და მაიმუნობაა, მზის ჩასვალ რომ გაშინებს და გასული დღეები, რომ გულს გიხეთქავს, რა იქნება ბოლოს თუ გიფიქრია…
მე: აუტანელი ხარ, შენთან ლაპარაკი არ შეიძლება !!!!!!!!!!
სარკე: კაი ბატონო, ნუ ილაპარაკებ, მაგრამ მე ხომ ვიცი რა გჭირს…
მე: რა?
სარკე: ნინ… უნდა გაიზარდო უკვე დროა… (მოლბა საკუთარი მე…)
მე: ვიცი მაგრამ… მაგრამ არ ვიცი.. ალბათ მართლა ძალიან შევიცვალე… რატომ, ან როდის გავხდი ესეთი…
სარკე: არაუშავს… ეგ ტრაგედია არაა…
მე: ვითომ…
სარკე: ჰოლივუდის დებილი ლამაზმანივით ნუ მიფახურებ მაგ წამწამებს…
მე: მაინც მიყვარხარ…
სარკე: ხოდა გაანძრიე ერთი ადგილი და ამოგვიყვანე ამ ჭაობიდან, ჩაკეტილი წრიდან, რავიცი მე ამ ჯანდაბიდან… დავიღალეთ…
მე: გამრავლდით კიდეც? რაღა მიჭირს 🙂
სარკე: ნინ…
მე: ჰოუ….
სარკე: დიდხანს ვიტლიკინოთ ესე უაზროდ?…
მე: კარგი ხო… ხვალიდან… ხვალიდან?
სარკე: არ მიყვარს როცა ეგრე ამბობ…
მე: არც მე…

და მრავლისმეტყველი ღიმილით ვინაცვლებ პუფიდან საწოლში… ფიქრები კი უცველად და უწყვეტად მოძრაობენ ჩემს გარშემო… საიდან დავიწყო… რა შევცვალო… რა გამოვასწორო… რას ნიშნავს ,,უნდა გავიზარდო” და რატომ ავიკვიატე ეს ფრაზა?
მაგრამ ძილის ღმერთს ვერაფერი აჩერებს… პრინციპში არც ვებრძვი… მზე მინდა… ახალი დღე მინდა… ახალი შემართებით და ახალი იმედებით… ან იქნებ იმედგაცრუებებით… სიახლე მინდა… სიახლე მინდა ჩემში და ჩემს გარშემო…

Advertisements