მეგობრობის დღე…

კიდევ არანორმალური ღამე….. ბევრი… საბითუმო რაოდენობის ალკოჰოლი, ნიკოტინი… და კოფეინი ცოტა დამეჩაგრა 🙂 გიტარის თანხლებით… ზოგი აბღავლებული და ზოგიც ამღერებული…. ლეგენდარული სიმღერები… რომლის როგორც წესი, მხოლოდ მისამღერი ვიცით , ამიტომ სიცილით ვიგუდებით როცა არ ვმღერით…… სახეები, რომლებიც თითქმის ყველა ჩემს მოგონებას უკავშირდებიან…. და მოგონებები, რომელთაც ახალი სახეებისთვის ვყვებით… ,,დავლიოთ დაო?” მეკითხება ბარბი 🙂 ხო, ხო, ბარბი… ოღონდ ,,ბრინეტკა” ბარბი… ეგეთია, წვრილი და მაღალი :*  ,,შენი დაქალი ნერვებს მიშლის, სადაა აქამდე?! დაასხი დაო :)” – ვიჭყანები მე…

ბარბის დაქალად წოდებული ,,ბარტყი” ჩემი დაქალიცაა… ეგეთია ბარტყისებრი… ფუმფულა და საყვარელი… ეხლა აგვიანებს და მე და ბარბიც გამწარებულები ვთამაშობთ ტელეფონებზე და ბარტყის ნერვულს სისტემაზე… ,,მე არ მინდა თქვენთან ვიყო?!” წუწუნებს ბარტყი… ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ სმას და ლაპარაკს… გარშემო უკვე გაპიარებული და ნაცნობი სიტყვები ისმის… ,,მაპატიე რომ არ გისმენ 🙂 “…  მაინც ყველა სინქრონში ვლაპარაკობთ და ვიცინით… ალკოჰოლი თავისას შვება, ლაპარაკის საღერღელი გვაქვს ყველას აშლილი…. სიმღერისაც… ამიტომ ისევ ჯიუტად და უსირცხვილოდ ვაგრძელებთ რაღაც სიმღერის მაგვარს, თან კაცმა რომ გვკითხოს ხმას ვუწყობთ ერთმანეთს….   მე და ბარბის სეირნობის ხასიათზე ვართ და ვიპარებით… დაგვიჭირეს… მაინც გავიპარეთ… 🙂

უკან მობრუნებულებს იგივე სიტუაცია გვხვდება იგივე სახეებით, ოღონდ უფრო ახმაურებული… ,,მე ეხლა მივდივარ რაჭაში” ამბობს ერთი… გვეპატიჟება ყველას, მაგრამ გეგონება შეთანხმდენო, ყველა ერთ სიტყვას ამბობს ,,ორშაბათი” და სახე გვემანჭება… კარებში ნაცნობ გაღიმებულ სახეს ვხედავ… “ბარტყი მოვიდა” ვყვირივართ მე და ბარბი… ბარტყი იკრიჭება… ,,რას შვებით სვაამთ?” სვამს რიტორიკულ კითხვას… რიტორიკულს იმიტომ,  რომ სავსე და ცარიელი ფაქტებით ვართ მე და ბარბი გარშემორტყმული… – არა, ვიკრიჭებით ჩვენც… ეხლა უკვე სამი ვსვამთ, თან აქტიურად განვიხილავთ უკანასკნელ სიაახლეებს… ჩენი თანამოინახე კვლავ ცდილობს რაჭისკენ გაგვიტყოს, მაგრამ უშედეგოდ…
მე და ბარტყი ცანცარის ხასიათზე ვართ, ვერ ვისვენებთ, წინ და უკან დავრბივართ…. ბარბის ტვინს ვუბურღავთ საცეკვაოდ წავიდეთ-თქო… ბარბი უარობს, ეზარება…. სახეზე აწერია რომ ერთადერთი რაც უნდა ძილია… ჩვენ ვაგრძელებთ ტვინის ბურღვას და ბარბის ნამუსზე ვაგდებთ… ,,ოოო, ეგრე არ შეიძლება, დღეს 15 მაისია და ვერ მიგვატოვებ სადაც ჩვენ, შენც იქ” – ვმაიმუნობთ მე და ბარტყი. ბარბი გვიყურებს და სიცილით გვეუბნება თავის სავიზიტო ფრაზას ,,თქვენ ხო კაცს არ გაახარებთ”… გადაწყდა, მივდივართ საცეკვაოდ, სად სულერთია, სადმე… ერთად… დღეს 15 მაისია… მეგობრობის დღე… ჩვენი დღე… ჩვენი გამოგონილი… დღე რომელსაც ეიფორიით ველოდებით და ავღნიშნავთ უკვე ალბათ მეხუთე წელია ან მეოთხე აღარ მახსოვს… მივედით,ვნახეთ, წამოვედით….

უკვე 16 მაისია…ბარტყის ტელეფონი რაღაც კოშმარ სიმღერას გაკივის დილაუთენია… ბარტყი მეჯაჯგურება… ,,დე, ადექი ვაგვიანებთ”… ,,მოიცა რა კიდე ათი წუთი” – ვიჭყანები მე და საბნის ქვეშ ვმალავ სახეს… სავარაუდოდ ზუსტად ათ წუთში ბარტყი ისევ მანჯღევს და წუწუნებს ,,აუ, ადე რააა”… თან წედმიწევნით ზუსტად და თანმივდევრულად აღწერს ჩემს დილის რიტუალს და კიდევ უფრო უმატებს წუწუნს…

ბარტყი: იცოდე 9 წუთი გაქვს
მე: 5 რომ დამრჩება მითხარი და ისევ საბანში ვეხვევი
ბარტყი: აუ კაი რააააა, მარტო ყავას სვამ 20 წუთი
მე: კარგი ხო, კარგი

ვდგები… წესრიგდები… ძალიან ცხადად ვგრძნობ რა გემრელად ვარ ბახუსს ჩახუტებული, ისიც განაბულა, და აშკარად ეტყობა არსად არ აპირებს წასვლას… გული რომ არ წამივიდეს სარკეს ჩუმად ვეპარები… ბარტყი კისკისებს… მეც მეცინება და ისევ ვეპარები …,,რა სახე მაქვს, ნეტა სარკე არ გატყდებოდეს” ვიწყებ დილიდან მაიმუნობას… ბარტყი ხვდება რომ დავბრუნდი ძილის სამყაროდან და აგრძელებს კისკისს… ,,ნეტა ბარბი რას შვება” მეკითხება… ,,დაგვხოცავს გუშინდელი მეტიჩრობისთვის” ვაგრძელებ მაიმუნობას და გამწარებული ვეძებ ტელეფონს და გასაღებს…

Advertisements